სკოლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ მეორედ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“ უკვე მეორედ აცხადებს.
ოლიმპიადაში სკოლის სახელით მონაწილეობა შეეძლებათ I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, რომელსაც ერთი მასწავლებელი უხელმძღვანელებს. გუნდებმა ვიდეოს, პრეზენტაციის, კომიქსის ან ციფრული პოსტერის სახით უნდა მოამზადონ ნაშრომი თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია - გამოწვევა თუ შესაძლებლობა?“ და 16 ოქტომბრამდე კომუნიკაციების კომისიაში გამოაგზავნონ. „მედიაწიგნიერების ოლიმპიადის“ ფარგლებში მიღებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე ინფორმაციული და შემოქმედებითი ნაშრომის მქონე გამარჯვებულს გამოავლენს. კომუნიკაციების კომისია კი გამარჯვებული გუნდების სკოლებს თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს და ისეთ მაღალტექნოლოგიურ პრიზებს გადასცემს, როგორებიცაა ლეპტოპი, ინტერაქციული დაფა, მიკროფონი, ლედ განათება, მობილურის შტატივი, მაგიდა და ბანერი.
გარდა ამისა, ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე (mediatsigniereba.ge) განთავსდება, ხოლო ყველა მონაწილე გუნდს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.
საგულისხმოა, რომ გუნდებში მოსწავლეების რაოდენობა განსაზღვრული არ არის, თუმცა სავალდებულოა, რომ ერთმა გუნდმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი წარადგინოს.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ოლიმპიადა პირველად გასულ წელს გამოაცხადა და კონკურსით უპრეცედენტო რაოდენობის სკოლა დაინტერესდა. კერძოდ, წარმოდგენილი იყო 500-ზე მეტი ნაშრომი, რომელთა შექმნაშიც 2800-მდე მოსწავლე 450-მდე მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. ნაშრომებიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ ორი გამარჯვებული: თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა და ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა გამოავლინა, რომელთაც ComCom-მა ხარისხიანი მედიაპროდუქტების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე მედიალაბორატორია მოუწყო.
UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული მხარისა და მოქალაქის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე.