წვდომის მენიუ

ნოემბერი 26, 2025 12:45

ComCom-მა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებული სკოლები მედიალაბორატორიით დააჯილდოვა

კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მეორედ გამოცხადებულ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა და ბათუმის პირველი საჯარო სკოლა გამოავლინა და თანამედროვე მედიალაბორატორიით დააჯილდოვა. ორივე სკოლას ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზები ინტერაქციული დაფა და ლეპტოპი და ასევე, მობილურის შტატივი, მიკროფონი და ლედ განათება გადასცა. ამასთან, სკოლებში მოეწყო საერთო სივრცე, სადაც მოსწავლეები ტექნიკის გამოყენებას და მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნას შეძლებენ. საგულისხმოა, რომ კონკურსში 350-მდე ნაშრომი შემოვიდა, რომელთა შექმნაშიც 2100-ზე მეტი მოსწავლე და 300-ზე მეტი მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. წლევანდელი კონკურსის თემას ხელოვნური ინტელექტი (AI) და დეზინფორმაცია წარმოადგენდა.

I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ სოფელ ლახამულას სკოლიდან კონკურსში მონაწილეობა 15-მა მოსწავლემ მიიღო. სკოლას გამარჯვება ოლიმპიადისთვის მომზადებულმა სახალისო და შემოქმედებითმა ვიდეორგოლმა მოუტანა, სადაც ჩანს როგორ შექმნეს მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფოტომანიპულაცია, შემდეგ კი მეგობრებს სოფელ ლახამულაში ცნობილი ფეხბურთელების ჩამოსვლის ყალბი ამბავი აცნობეს. მხიარული სცენების შემდგომ, მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ახსნეს, თუ რა მეთოდებით შეიძლება ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოების ამოცნობა, ისაუბრეს წყაროს გადამოწმების მნიშვნელობაზეც და ფოტომანიპულაციის გადამოწმებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზეც გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია, რომ სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში სულ 22 მოსწავლე სწავლობს.

უფროსკლასელთა კატეგორიაში გამარჯვებულ ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან კონკურსში VI კლასის 19 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც ნამუშევარი ასევე ვიდეოს სახით წარმოადგინეს. შემოქმედებითი და შემეცნებითი ვიდეო ნაწილობრივ ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი, რაც AI-ის შესაძლებლობებს უსვამდა ხაზს. ინფორმაციულ ნამუშევარში მოსწავლეებმა განიხილეს მედიაწიგნიერების როლი  ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და აღნიშნეს, რომ AI შეიძლება იყოს როგორც საფრთხის შემცველი, ისე სასარგებლო ინსტრუმენტი, რაც დამოკიდებულია მომხმარებელსა და მის მიზნებზე. აღსანიშნავია, რომ გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებელი ComCom-ის „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, მედიაწიგნიერების სწავლებაში არის გადამზადებული.

კონკურსში მონაწილე გუნდებს ვიდეოს, პრეზენტაციის, კომიქსის ან ციფრული პოსტერის სახით უნდა შეემუშავებინათ შემოქმედებითი და ინფორმაციული პასუხი კითხვაზე „ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია - გამოწვევა თუ შესაძლებლობა?“. ComCom-ის მედიაწიგნიერების პლატფორმაზე გამარჯვებულების გარდა, კონკურსის ათი საუკეთესო ნამუშევარი განთავსდა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ოლიმპიადა პირველად გასულ წელს ჩაატარა,  რომლის ფარგლებშიც 500-ზე მეტი ნაშრომი იყო წარმოდგენილი. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი ორი გამარჯვებული: თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა და ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა გამოავლინა.

მედიაწიგნიერების ოლიმპიადა UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში ტარდება, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული მხარისა და მოქალაქის ჩართვა, ერთ-ერთი პრიორიტეტია.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები