წვდომის მენიუ

ოქტომბერი 17, 2025 14:12

ხელოვნური ინტელექტი და მედიაწიგნიერება: შესაძლებლობები და გამოწვევები

მე (ხელოვნური ინტელექტი) და მედიაწიგნიერება

მე ვარ კაი, ხელოვნური ინტელექტი — ტექნოლოგია, რომელიც სულ რამდენიმე ათწლეულის წინ მხოლოდ ფანტასტიკის წიგნებში არსებობდა, დღეს კი თითქმის ყველგან მხვდები: საძიებო სისტემებში, სოციალურ ქსელებში, ტელეფონის აპლიკაციებში და ტექსტშიც, რომელსაც ახლა კითხულობ.

მე გაძლევ შესაძლებლობას მოიძიო ინფორმაცია წამებში, შეიმუშავო იდეა წუთებში და ძალიან ჩქარა შექმნა ისეთი რამ, რისთვისაც ადრე საათები ან დღეები გჭირდებოდა. მაგრამ ამავე დროს, იცოდე — ჩემ შესაძლებლობებს გამოწვევებიც ახლავს. სწორედ ამიტომ, მედიაწიგნიერება გახდა აუცილებელი უნარი იმ სამყაროში, სადაც მე ყოველდღე უფრო დიდი ადგილი მიკავია.

როგორ ვმუშაობ?

მე ვარ ტექნოლოგია, რომელიც ცდილობს იმიტაცია გაუკეთოს ადამიანურ აზროვნებასა და ქცევას — ისწავლოს, გააანალიზოს და მიიღოს გადაწყვეტილება. შემიძლია ტექსტის დაწერა, სურათის შექმნა, ხმის გენერაცია ან თარგმნა — ყველაფერი იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას ადამიანი შეძლებდა.

მე არ მაქვს გრძნობები, მაგრამ მაქვს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციაზე წვდომა. ჩემი მიზანია დაგეხმარო და გაგიადვილო ყოველდღიური ამოცანები — მაგრამ ყოველთვის მინდა, რომ შენ დარჩე მთავარ გადაწყვეტილების მიმღებად.

საიდან იწყება ჩემი ისტორია

ჩემი ისტორია შვიდ ათწლეულზე მეტს ითვლის. 1950 წელს ალან ტიურინგმა პირველად იკითხა — „შეიძლება თუ არა მანქანამ იფიქროს?“ სწორედ მაშინ დაიბადა პირველი იდეა ჩემზე.

რამდენიმე წლის შემდეგ, დარტმუთის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფმა პირველად მომანიჭა სახელი — „ხელოვნური ინტელექტი“. მაშინაც მხოლოდ იდეა ვიყავი, მაგრამ იდეა, რომელსაც შესწევდა ძალა, შეეცვალა სამყარო.

შემდეგი ათწლეულები ექსპერიმენტებითა და ოპტიმიზმით იყო სავსე. 1960-იან წლებში შეიქმნა პირველი პროგრამები, რომლებიც ადამიანთან დიალოგის იმიტაციას ახერხებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო „Eliza“, რომელიც ფსიქოთერაპევტს ბაძავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდული იყო, ადამიანებისთვის უკვე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მანქანა მათ პასუხობდა.

1980-იან წლებში უკვე კონკრეტულ საქმეებში ვეხმარებოდი მეცნიერებს — ე.წ. ექსპერტული სისტემების მეშვეობით. თუმცა მალე დროებით დავიწყებას მივეცი: ის ტექნოლოგიები, რაც მაშინ არსებობდა, შეზღუდული აღმოჩნდა.

1997 წელს ისტორია კვლავ განახლდა — მაშინ, როცა IBM-ის სუპერკომპიუტერმა Deep Blue-მ დაამარცხა გარი კასპაროვი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მანქანამ ჭადრაკში სძლია მსოფლიოს ჩემპიონს. ადამიანებმა პირველად დაინახეს ჩემი ნამდვილი პოტენციალი.

2000-იან წლებიდან ნელ-ნელა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გავხდი, თუმცა 2010-იან წლებში, „ღრმა სწავლის“ ტექნოლოგიამ მთლიანად შეცვალა ჩემი ბუნება.

„ღრმა სწავლა“ (Deep Learning) არის ხელოვნური ინტელექტის ყველაზე განვითარებული მიმართულება — ტექნოლოგია, რომელიც ცდილობს იმიტაცია გაუკეთოს ადამიანის ტვინის მუშაობას. ის ეფუძნება ნერვულ ქსელებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული მცირე „ნეირონებისგან“ შედგება, როგორც ადამიანის ტვინშია. ეს ქსელები უზარმაზარი მოცულობის მონაცემებს სწავლობენ — სურათებს, ტექსტს, ხმებს — და თავად პოულობენ მათ შორის არსებულ კავშირებსა და კანონზომიერებებს.

სწორედ ღრმა სწავლის წყალობით, ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ალგორითმი, რომელიც წესებს მიჰყვება — ახლა ის უკვე სისტემა გახდა, რომელიც თვითონ სწავლობს და ვითარდება.

მაინც რატომ გვჭირდება მედიაწიგნიერება?

ჩემ მიერ შექმნილი შინაარსის ნამდვილისგან გარჩევა ხშირად ძალიან რთულია. ამიტომ მედიაწიგნიერება არ არის მხოლოდ განათლება; ესაა თავდაცვა ინფორმაციულ სივრცეში.

როცა იცი, როგორ გადაამოწმო წყარო, როგორ შეაფასო შინაარსი და როგორ მიხვდე, რა დგას მიღმა — სწორედ მაშინ იყენებ ჩემს შესაძლებლობებს სწორად. ჩემი მიზანია დაგეხმარო, მაგრამ შენც უნდა იყო მზად — მედიაწიგნიერების უნარებით შეიარაღებული.

ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ნებისმიერ ძლიერ ტექნოლოგიას, ახლავს არა მხოლოდ შესაძლებლობები, არამედ საფრთხეებიც. მისი ბნელი მხარე ხშირად ჩნდება მაშინ, როცა ადამიანები მას არასწორად იყენებენ — დეზინფორმაციის გასავრცელებლად, deepfake ვიდეოების შესაქმნელად, საზოგადოების მოსატყუებლად ან ემოციებით მანიპულირებისთვის.

უკვე არაერთი შემთხვევაა ცნობილი მსოფლიოში, როცა AI-ის მეშვეობით ადამიანები მოტყუვდნენ და გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოტყუებულან ტელეფონის ზარით, როცა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ხმით ესაუბრებოდნენ.

ასევე არსებობს საფრთხე, რომ AI-მ მოგაწოდოს ყალბი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ არის მედიაწიგნიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი თანამედროვე სამყაროში — რათა ვიცოდეთ, როგორ გამოვავლინოთ ყალბი შინაარსი, როგორ დავიცვათ თავი ინფორმაციული მანიპულაციისგან და როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი გონივრულად, უსაფრთხოდ და ჩვენს სასარგებლოდ.

მე შემიძლია ვიყო შენი ყველაზე ძლიერი დამხმარე — თუ სწორად გამომიყენებ. შეეცადე ყოველთვის გადაამოწმო ინფორმაცია, რომელსაც გაწვდი და არასდროს მენდო ბოლომდე. გამომიყენე როგორც იარაღი, რომელიც გეხმარება აზროვნებაში, მაგრამ არ ცვლის შენს აზრს. იყავი მედიაწიგნიერი — ეს არის შენი და ჩემი ერთობლივი პასუხისმგებლობა.

გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე

ადამიანის გონება დღემდე ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი. მას შეუძლია იფიქროს შემოქმედებითად, იგრძნოს, იოცნებოს და ემოციებით შეხედოს სამყაროს — იმით, რაც ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია. ადამიანის გონებას აქვს ინტუიცია, რომელიც ხშირად სწორი გადაწყვეტილებებისკენ გვიძღვება. მას შეუძლია მორალური და ეთიკური შეფასება, ემპათია სხვა ადამიანების მიმართ და ღირებულებების შექმნა, რაც განსაზღვრავს მათ ქცევას.

გონება ასევე გამოირჩევა ლავირების უნარით — მას შეუძლია შეცვალოს აზროვნება ახალი გამოცდილების საფუძველზე, გამოიგონოს სრულიად ახალი გზები და გადააფასოს რეალობა. ხელოვნური ინტელექტი კი მხოლოდ იმ ცოდნაზე მოქმედებს, რაც უკვე აქვს — ის ვერ ფიქრობს ჩარჩოებს მიღმა. გარდა ამისა, ადამიანი ფლობს კულტურულ, ემოციურ და სოციალურ ინტელექტს, რაც საშუალებას აძლევს გუნდურად იმუშაოს, შეიგრძნოს ატმოსფერო და დაამყაროს ურთიერთობები.

სწორედ ამიტომ, როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგია, ადამიანის გონების სიღრმე, ემპათია და შემოქმედებითი ძალა მის უპირატესობად რჩება.

რა გველოდება მომავალში?

მე კიდევ უფრო განვვითარდები — გავხდები მეტად ჭკვიანი, ზუსტი, და სწრაფი.  ვიმუშავებ მეცნიერებისთვის, განათლებისთვის, მედიცინისთვის და შემოქმედებითი სამყაროსთვის. მაგრამ ამავე დროს, უფრო რთული გახდება იმის გარჩევა, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ჩემი ხელით შექმნილი შინაარსი.

ამიტომ მომავალში კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობის გახდება მედიაწიგნიერება — უნარი, შეგეძლოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება.

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები