დეკემბერი 16, 2023 15:37

„სილქსატის“ ჩანაცვლება აბონენტებს „აზერსპეისით“ ან “სტერეო +”-ით შეეძლებათ

15 დეკემბრიდან იმ აბონენტებს, რომლებსაც „სილქსატის“ მომსახურეობა გაეთიშებათ, სატელევიზიო მაუწყებლობის მიღება „აზერსპეისის“ (Azerspace 46E) თანამგზავრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფასოდ შეეძლებათ. კერძოდ, „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან შემდეგი ქართული არხების მიღებაა შესაძლებელი:  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარა ტვ, იმედი, GDS, ტვ პირველი, მთავარი არხი,  ფორმულა, რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი,  POS TV, ობიექტივი, ტვ 25, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი და მარნეული ტვ.

იმისთვის, რომ აბონენტებმა  „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან სიგნალის მიღება შეძლონ, საჭიროა რამდენიმე ტექნიკური საკითხის უზრუნველყოფაა, კერძოდ, „აზერსპეისის“ სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად,  აუცილებელია თანამგზავრული ანტენის (თეფშისა) და მიმღების (ე.წ. Set Top Box) შეძენა და მონტაჟი. იმ შემთხვევაში, თუ თეფშს რაიმე შენობა ან მთა ფარავს, საჭირო იქნება მისი ისე განთავსება, რომ სიგნალი დაიჭიროს.  ხოლო, იმ აბონენტებს, რომელთაც თეფში უკვე აქვთ, ერთჯერადად მხოლოდ მიმღების შეძენა დასჭირდებათ.

„აზერსპეისის“ თანამგზავრის სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად აუცილებელია შემდეგი ტექნიკური პარამეტრების გამოყენება: თანამგზავრი Azerspace 1 აღმოსავლეთ განედის 46 გრადუსი /East 46°, მიღების სიხშირე/Downlink Frequency: 11095Mhz, პოლარიზაცია/Polarization: ჰორიზონტალური/Horizontal, სიმბოლური სიჩქარე/Symbol Rate: 30000 KBit/s, შესწორების კოდი/FEC Rate: 5/6.

გარდა „აზერსპეისისა“, აბონენტების ნაწილს „სილქსატის“ ჩანაცვლება „სტერეო +“-ის ციფრული ტელევიზიის სისტემითაც შეუძლიათ, თუმცა, „სტერეო+“ ყველა იმ გეოგრაფიულ არეალში,  სადაც „სილქსატის“ მიღება იყო შესაძლებელი, არ იჭერს.  „სტერეო+“-ის სისტემაში ჩასართავად, საჭიროა ციფრული ტელევიზიის მიმღებისა (DVB-T2 სტანდარტის ე.წ „სეთობოქსი“) და ანტენის კომპლექტის შეძენა.  ანტენის დამონტაჟება უმჯობესია აივანზე ან სახურავზე. მონტაჟის შემდეგ, ანტენა კაბელით (კოქსიალური) მიმღებს, ხოლო მიმღები ტელევიზორს უნდა შეუერთდეს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები