წვდომის მენიუ

იანვარი 30, 2024 11:32

შორენა შავერდაშვილმა TMI-ის კონფერენციაზე ComCom-ის მედიააკადემიის საქმიანობა შეაჯამა

Tri Media Intelligence-მა (TMI), რომელიც სატელევიზიო აუდიტორიის მთვლელი ორგანიზაცია და ასევე, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორია, ყოველწლიური ღონისძიება გამართა, სადაც სხვა პარტნიორებთან ერთად, კომუნიკაციების კომისიისა და ComCom-ის მედიააკადემიის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. კონფერენციის მთავარ მიზანს ინოვაციებისა და მედია სივრცეში არსებული გამოწვევების გამკლავების მიმართულებით, გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა, მონაწილეებს მედიააკადემიის საქმიანობა გააცნო და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა მეშვეობით, მედიააკადემია ქვეყანაში მედია სტანდარტის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. კერძოდ, მისი თქმით, მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულება მედიაკრიტიკის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება და მათ მედიაპროდუქტების კრიტიკულ ანალიზს სთავაზობს. საუბრისას მედიააკადემიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მედიაკრიტიკის ვებ-გვერდზე 400-მდე რეპლიკა, ბლოგი და რეცენზიაა გამოქვეყნებული. “მედიააკადემიის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი მიმართულება მედიასკოლაა, რომელიც მედიის სფეროში დასაქმებულ, ან მედიით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალი ტრენერებისა და ონლაინ მასტერკლასების დახმარებით, მნიშვნელოვანი ცოდნა თუ გამოცდილება მიიღონ. გასულ წელს, მედიასკოლის პროგრამას 100-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, მედიააკადემიის “მასტერკლასი” კი უკვე 14 პროფესიონალი ავტორის ლექციებს აერთიანებს.” - აღნიშნა შორენა შავერდაშვილმა, რის შემდეგაც, აკადემიის მესამე მიმართულების - “მედიალაბის” საქმიანობა შეაჯამა: “ციფრული წიგნიერების განვითარებისა და ციფრული მედიის მიმართულების სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად განაგრძობს მუშაობას “მედიალაბიც”, რომელიც სტარტაპერებს ტრენინგებით, სამუშაო სივრცით, შესაბამისი სტარტაპ ეკოსისტემითა და სხვადასხვა კონკურსების ორგანიზებით უწყობს ხელს.” - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, ქვეყანაში მედია სტანდარტის განვითარებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უკვე მეხუთე წელია მუშაობს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები