მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი მასწავლებლებისთვის ვებინარი „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?“ გაიმართა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის გაიმართა საინფორმაციო ვებინარი თემაზე - „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?". ვებინარს მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი 450-მდე მასწავლებელი დაესწრო, რომლებმაც მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ვებინარის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ კი აუდიტორიას მედიაწიგნიერების განახლებული სტანდარტი წარუდგინა, რომელიც შესაბამის გზამკვლევთან ერთად უახლოეს პერიოდში ყველა მსურველი მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ვებინარის ფარგლებში მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების ექსპერტმა, თამარ დარსალიამ წარმოადგინა დეტალური პრეზენტაცია მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ და მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლამ და მასწავლებელმა საგნის არჩევისა და სწავლებისთვის უნდა გაითვალისწინონ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობით დაიწყო „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი. მედიაწიგნიერება 2023 წელს ინტეგრირდა ფორმალურ განათლებაში, ხოლო სკოლების ჩართულობა და დაინტერესება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება.
