მედიაწიგნიერების საგანი 6 სკოლაში უკვე ინტეგრირდა და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება
კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, კვლავ აქტიურად აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობას. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 175-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც ComCom-ის მიერ, მედიაწიგნიერებაში გადამზადებული პედაგოგი გაუძღვა. სემესტრის განმავლობაში, აღნიშნული საგნის ფარგლებში, მოსწავლეები მედიაწიგნიერების მნიშვნელობას, დეზინფორმაციის სახეებს და ამასთან, მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და სიმართლის დადგენის მეთოდებს შეისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ჩაატარა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, რის შემდეგაც, ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა სახელმძღვანელო, საგანმანათლებლო სტანდარტი და შესაბამისი ტრენინგ მოდული. ტრენინგების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 600-მდე პედაგოგი მედიაწიგნიერების სწავლებაში იქნა გადამზადებული. პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ კი, კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) და UNICEF-თან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ერთობლივი ძალისხმევით მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობას გულისხმობს. მემორანდუმის შემდგომ, TPDC-ის ჩართულობით დამატებით 1000 მასწავლებელი გადამზადდა, საგანი კი საქართველოს 6 სკოლაშია დანერგილი და მომავალში სხვა სკოლებშიც დაინერგება.
კომუნიკაციების კომისიისთვის საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი - მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და მშობლებში, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.