თებერვალი 21, 2020 10:07

„მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - ვიტორ ტომეს სემინარი მედიააკადემიაში

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა. სემინარს, რომელიც მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის თანამედროვე გამოწვევებსა და როლს ეხებოდა, კომუნიკაციების კომისიის, მედიაკადემიის, განათლების სამინისტროსა და თავად მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო მედიამკვლევარმა მონაწილეებს განათლებისა და მედიის სექტორში მედიაწიგნიერების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებები გაუზიარა. ექსპერტმა საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, საჭიროებები და გამოწვევები შეაფასა.

“მე ჩამოვედი იმისთვის, რომ მედიაწიგნიერების სფეროში ევროპაში არსებული მდგომარეობა გაგაცნოთ და თქვენთან ერთად განვიხილო სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობა. მათ შორის გაგიზიაროთ, რას აკეთებს ევროპის საბჭო და ევროკომისია მედიაწიგნიერების მიმართულებით. ჟურნალისტებისთვის და მედია კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს. მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ასევე, მედიაკრიტიკის მიმართულებით, ამით თქვენ ატრენინგებთ, როგორც მედიას ისე მთელ საზოგადოებას. და თუ ამისთვის თქვენ გაკრიტიკებენ, ესეიგი საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ. ჩვენ ყველანი ეხლა ვსწავლობთ და ვსაუბრობთ მედიაწიგნიერებაზე, როგორც მედია საქმიანობაზე, მედიაბიზნესზე. მედიაწიგნირება არის საჭირო, როგორც მედია ორგანიზაციებისთვის ისე მომხმარებლისთვის.” - განაცხადა ტომემ.

ვიტორ ტომე მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც წლების განმავლოაბში ევროპის საბჭოს ციფრული მოქალაქეობის ჯგუფის წევრი იყო, სადაც მცირეწლოვანთა წიგნიერებისა და მრავალმოდური პრაქტიკების მიმართულებით მუშაობდა. ვიტორ ტომე ასევე „მედია ევროპაში მრავალფეროვნების ინკლუზიურობისთვის“ და „სოციალური მედიის მნიშვნელობა დემოკრატიული მონაწილეობისთვის“ პროექტებს ხელმძღვანელობდა. ვიტორ ტომე ციფრული წიგნიერებისა და მოზარდებში მულტიმოდალური პრაქტიკის, ასევე, განათლების სექტორში ციფრული მოქალაქეობის და დემოკრატიული თანამონაწილეობის მკვლევარია, რომელიც პროგრამას „ციფრული წიგნიერების და მედიის როლი დემოკრატიული თანამონაწილეობისთვის“ ხელმძღვანელობდა. ის ასევე, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის შესახებ მაგისტრი ჟურნალისტებისა და განათლების სპეციალისტებისთვის კითხულობს ლექციებს.

Calendar
გაზიარება

გადმოწერეთ ფაილები