ნოემბერი 26, 2021 11:09

მედიალაბის სტარტაპ იდეების კონკურს „იდეადრომს“ 5 ფინალისტი ჰყავს

კომუნიკაციების კომისიის „მედიალაბის“ კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მესამედ წარმატებით ტარდება.  კონკურსის ფარგლებში ხუთი საუკეთესო სტარტაპიდეა გამოვლინდა. ხუთივე გუნდის წევრებს მედიალაბში ერთი კვირის განმავლობაში  ტრენინგები უტარდებათ. შერჩეულ გუნდებს აქვთ შესაძლებლობა მომავალი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა მიიღონ და საკუთარი სტარტაპიდეები გლობალურ ბაზარზე გასატანად მოამზადონ. მედიალაბის მთავარი მიზანი სწორედ პოტენციური სტარტაპერების აღმოჩენა და მათთვის იდეების რეალობად ქცევაში დახმარებაა.

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი „იდეადრომს“ უკვე მესამედ ატარებს. კონკურსის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია. „იდეადრომის“ ფინალი 27 ნოემბერს გაიმართება, სადაც კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულებს დაასახელებს.

კონკურსის შედეგად შერჩეული სტარტაპერები ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივებაზე, საგანმანათლებლო გეიმინგზე, ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვის მექანიზმებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ. შერჩეული გუნდები „მედიალაბში“ ერთი კვირის განმავლობაში მენტორებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა სტარტაპ იდეის ვალიდაცია, გუნდის მართვა, გადაწყვეტის ვალიდაციის სტრატეგიები, პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირების მეთოდები, მარტივი ფინანსები სტარტაპებისთვის, იდეისთვის შესაფერისი ბიზნეს მოდელის შერჩევა, იდეალური პრეზენტაციის აწყობა და წარდგენა. ყველა ტრენინგი  პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს, რაც სტარტაპერებს აძლევს შესაძლებლობას მიღებული ცოდნა ადგილზე აქციონ რეალურ გამოცდილებად.

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები