თებერვალი 19, 2024 11:54

„მაღალსიჩქარიან ტელეკომ მომსახურებებში ქართველ აბონენტებს პრემიუმ ფასის გადახდა უწევთ“ - ექსპერტის შეფასება

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით, საქართველოში ჩატარებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის ავტორი და Strategy Analytics-ის კონკურენტული ფასების განყოფილების დირექტორი, ჯოზი სეფტონი, ჩატარებული ანალიზის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მობილური და ფიქსირებული მომსახურებები, კვლევაში შემავალი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასზე მნიშვნელოვნად ძვირია: „საქართველოში მაღალი მოცულობის ან სიჩქარის კალათები ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებლებს, რომელთაც უფრო მაღალი მოხმარების მოთხოვნები აქვთ, ევროპელებთან შედარებით საშუალოზე მაღალი ხარჯი აქვთ.“ - აცხადებს ექსპერტი.

ჯოზი სეფტონმა საუბრისას ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და კომბინირებული შეთავაზებების ფასებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სიჩქარის ზრდასთან ერთად, ფასები ძალიან მაღალი და შემზღუდველი ხდება: „საქართველოში თითქმის ყველა მომხმარებელი დაბალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტით სარგებლობს. 100 მბ/წმ-იან და უფრო სწრაფ პაკეტებს კი, აბონენტების ძალიან მცირე ნაწილი იყენებს“ - აღნიშნა მან.

ექსპერტმა ასევე საქართველოში ინტერნეტის მოხმარების ზრდის ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ინტერნეტის მოხმარება გაზრდილია და ეს მაჩვენებელი, მომავალშიც გაიზრდება: „ვინაიდან ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში ონლაინ მონაცემების, სერვისებისა თუ კონტენტთან წვდომის მიზნით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურებების მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება“ - განაცხადა მან.

დასკვნის სახით, ჯოზი სეფტონმა საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მომხმარებლებისთვის არსებული მდგომარეობა შეაფასა: „ვიდრე საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებზე ფასები არ დაიწევს, აბონენტები იძულებულნი იქნებიან ისარგებლონ დაბალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებით, რაც შემზღუდველია, ან, მოუწევთ გადაიხადონ პრემიუმ ფასები უფრო მაღალი სიჩქარისა და მოცულობის მისაღებად“ - აღნიშნა მან.

ხოლო, რაც შეეხება დაბალი მოცულობისა და სიჩქარის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასებს, ექსპერტის განმარტებით, საქართველოში აღნიშნული შეთავაზებები ევროპული საშუალო ფასის ანალოგიური, ან უფრო იაფია.

შეგახსენებთ, რომ ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები