კონკურსში „გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“ 26 უნივერსიტეტის 180-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო
კომუნიკაციების კომისიამ ანალიტიკური ნაშრომების კონკურსის „გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და მასში 26 სხვადასხვა უნივერსიტეტის 180-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო. წესების მიხედვით, მონაწილეებს ნაშრომის თემატიკა შემდეგი საკვლევი საკითხებიდან უნდა შეერჩიათ: მედია და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და შესაძლებლობები; ყალბი ინფორმაცია (დეზინფორმაცია, მისინფორმაცია); სიძულვილის ენა და ონლაინ დისკრიმინაცია: მედიაწიგნიერების როლი.
პირველი ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ლაცაბიძემ, რომელმაც წარმოადგინა ნაშრომი თემაზე „ალგორითმული მოდელების ევოლუცია და მათი ფსიქოლოგიური ზეგავლენა დეზინფორმაციის გავრცელებაზე“. კომუნიკაციების კომისიამ მას 5000 ლარი გადასცა.
მეორე ადგილზე გავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ნინო ბრეგაძე. მისი ნაშრომი ეხებოდა თემას: „თეთრი ტყუილები კურდღლის ლაბირინთში - დეზინფორმაციის დისკურსი სქროლვის კულტურის ფონზე“. ComCom-მა იგი 3000 ლარით დააჯილდოვა.
მესამე ადგილი კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ხატია ლეონიძემ მოიპოვა ნაშრომით „ხელოვნური ინტელექტის ადგილი მედიაში: შესაძლებლობები, გამოწვევები და ორმაგი ბუნება“. ComCom-მა ხატიას 1500 ლარი გადასცა.
გარდა ამისა, გამარჯვებულების ნამუშევრები საერთაშორისო პლატფორმაზე — Media and Learning Association (MLA) გამოქვეყნდება. საუკეთესო 10 ნაშრომის ავტორი ComCom-მა უახლესი პროფესიული ლიტერატურის კრებულით დააჯილდოვა, ხოლო კონკურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
აკადემიურ ნაშრომზე მუშაობისას მონაწილეებს უნდა დაეცვათ აკადემიური სტანდარტები და სტრუქტურა. ნამუშევარში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობა, ასევე, საკვლევ საკითხზე ახალი ან განსხვავებული პერსპექტივები.
მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესში, მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა, კომუნიკაციების კომისიის პრიორიტეტია.
