ივნისი 15, 2020 19:24

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ნაშრომების მიღება 21 ივნისის ჩათვლით გრძელდება

მედიაწიგნიერების კონკურსი  „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ დამატებით ერთი კვირით გახანგრძლივდა - მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს ნაშრომების წარდგენა 21 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის ვადის ერთი კვირით გაგრძელების გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ მონაწილეთა მხრიდან მაღალი ჩართულობისა და ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. კონკურსის ფარგლებში, 14 ივნისის ჩათვლით, რეკორდული რაოდენობა,  - 160-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა და ვადის გასვლის მიუხედავად, მოსწავლეების მხრიდან მონაწილეობის მიღების მსურველთა მაღალი ინტერესი არ შეჩერებულა. ნამუშევრების გამოგზავნა ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მსურველებს მონაწილეობის შესაძლებლობა დამატებით მისცა და კონკურსის ერთი კვირით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა 21 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიას და „მედიააკადემიას“ მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, უკვე მესამედ აქვს გამოცხადებული კონკურსი  „ნამდვილი თუ მოგონილი?!“. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - “Fake News”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, კომისია შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 11 Pro მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს -  iPad 10.2, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე - http://tiny.cc/oggb6y

დავალების წარმოსადგენად კონკურსის მონაწილეებს  თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედიური ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა.  აუცილებელია, ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი. კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე და კომისიის ვებ გვერდზე www.comcom.ge.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები