ნოემბერი 08, 2021 17:03

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ITU Digital World 2021-ზე ტელეკომ სფეროს გამოწვევებზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დარგის რეგულირების პრაქტიკული ამოცანები, ასევე ICT ინდუსტრიისა და ციფრული ეკონომიკის სტიმულირების ინიციატივები და მარეგულირებელი ორგანოების ჩართულობა განიხილეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი, საკანონმდებლო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მთავარ ამოცანად და გამოწვევად კვლავ ციფრული ინფრასტრუქტურის გაზიარება და მომსახურებების ხელმისაწვდომობა დაასახელეს.

ეკატერინე იმედაძემ შეხვედრაზე სატელეკომუნიკაციო სექტორის იმ ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც პოსტ პანდემიურმა ციფრულმა ეპოქამ მოიტანა. შესაბამისად, აუცილებელია ქართულმა ტელეკომ სექტორმა მსოფლიო ტენდენციებს აუწყოს ფეხი, ამისთვის კი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია.

კომისიის წევრის განცხადებით, იმისთვის რომ მომხმარებელმა მეტი სარგებელი მიიღოს, აუცილებელია ტელეკომ ბაზარი იყოს გახსნილი, დაინერგოს ახალი ინოვაციური სერვისები და განვითარდეს ტექნოლოგიები. კომუნიკაციების კომისიის წევრის მოხსენების მთავარ თემას 5G ქსელის დანერგვა, ინდუსტრიის მოთამაშეების, მათ შორის მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების განვითარება და ციფრული წიგნიერების მნიშვნელობა წარმოადგენდა. ეკატერინე იმედაძემ ასევე მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ციფრული უნარების განვითარებასა და უსაფრთხო ინტერნეტის გამოყენებაზე ისაუბრა.

“რადგან მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო მეტად ციფრული ხდება, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა კავშირი უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ახალი ტექნოლოგიები ქმნის უპრეცედენტოდ დიდ შესაძლებლობებს ინოვაციებისთვის. სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო ციფრული მომსახურებების უზრუნველყოფაში, თუმცა პასუხისმგებლობა ასევე სფეროს მოთამაშეებზეც ნაწილდება. დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად აუცილებელია სექტორის მოთამაშეებს ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ინოვაციური და ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველსაყოფად. ასევე უმნიშვნელოვანესია სექტორის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაც, რაც ნიშნავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნას. უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ინოვაციური, ციფრული ბიზნეს მოდელების სტიმულირებით. ასეთი მიდგომით საქართველოში რეგულირების არსებული მოდელი სამაგალითო უნდა გახდეს.“ - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები