ნოემბერი 15, 2021 10:31

კომუნიკაციების კომისიის წევრი და ევროკავშირის ელჩი ერთობლივი პროექტის ფარგლებში პანკისში პედაგოგებს შეხვდნენ

 კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პანკისის ხეობაში პედაგოგებს შეხვდნენ და მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ.  კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა პედაგოგების შეკითხვებს უპასუხეს  და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. დისკუსიის შემდეგ, პანკისის ხეობაში, ყვარელწყაროს, ომალოს, ბირკიანის, დუმასტურის, ჯოყოლოს, დუისისა და საკობიანოს საჯარო სკოლის 17 პედაგოგს კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა - კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ტრენინგი ჩაუტარდათ.

პედაგოგებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. ისინი ასევე გაეცნენ იმ პრაქტიკულ მეთოდებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ტრენინგის ფარგლებში, მასწავლებლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებით კომუნიკაციების კომისია პროექტის  „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ფარგლებში, სამ თვეზე მეტია მთელი ქვეყნის მასშტაბით სერტიფიცირებულ სასწავლო სემინარებს ატარებს. უკვე ჩატარდა 30-ზე მეტი ტრენინგი თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში ქვემო ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელო ზემო-სვანეთის, გურიის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის 600-მდე პედაგოგი უკვე გადაამზადა.

პედაგოგებს ტრენინგები მოწვეული მედიაწიგნიერების ექსპერტის მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულის მიხედვით უტარდებათ, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა. სატრენინგო მოდული აგებულია სწავლების აქტუალური და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი, ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები და სხვა. სასწავლო მოდულს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები. პროექტის ფარგლებში, სერტიფიცირებული მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში გამოიყენებენ და კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებით, ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ. 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები