ივნისი 26, 2020 17:08

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „მაგთიკომი“ 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს ვეღარ გააუქმებს

კომპანია „მაგთიკომი“ 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25“ ვეღარ გააუქმებს. კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აბონენტებს მომსახურება შეუნარჩუნდებათ და ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა 7 ივლისის შემდეგაც ექნებათ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებული ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზების, „მარტივი 25“-ის გაუქმება და „მარტივი 30“-ის შემოღება, ცალსახად იწვევდა აბონენტებისთვის მომსახურების გაძვირებას და არჩევანის შეზღუდვას.

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ აღნიშნული პაკეტის ძალაში დატოვების ვალდებულება, მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად განუსაზღვრა. კვლევის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ საცალო სეგმენტზე არსებული შეთავაზებების პირობები შეისწავლა და აბონენტების ქცევისა და მოთხოვნების დეტალური ანალიზი ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ „მარტივი 25“ „მაგთიკომის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პაკეტია, რომელსაც აბონენტები ძირითადად ულიმიტო ხმოვანი მომსახურებებისთვის იყენებენ, ხოლო ინტერნეტის მოცულობა საკმარისი არ არის და მათ დამატებით პაკეტების შეძენა უწევთ. შესაბამისად, “მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ახალი 30 ლარიანი პაკეტი, რომელიც კომპანიის მიერ, როგორც „მარტივი 25“-ის გაუმჯობესებული ვერსია ისე დაანონსდა, სინამდვილეში მომსახურების გაძვირებაა, რადგან აბონენტებს დამატებითი ინტერნეტ მომსახურების შეძენა მაინც უწევთ, ხოლო იგივე ხმოვანი მომსახურებებისთვის ისინი გაზრდილ საფასურს იხდიან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორივე შეთავაზების პირობებში, 30 ლარიანი პაკეტი მომხმარებელში პოპულარობით არ სარგებლობს და მომხმარებელი უპირატესობას კვლავ 25 ლარიან პაკეტს ანიჭებს. შესაბამისად, „მარტივი 25“-ის გაუქმება აბონენტების დიდი ნაწილისთვის ბაზარზე არსებული მომსახურებების არჩევანის შეზღუდვას და მომსახურების გაძვირებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ ულიმიტო 25 ლარიანი პაკეტის ძალაში დატოვება ჯერ კიდევ გასულ წელს დაავალდებულა, ხოლო „მარტივი 25“-ის „მარტივი 30“-ით ჩანაცვლების გადაწყვეტილება, კომისიის მიმართვის საფუძველზე, კომპანიამ 2020 წლის მარტში 7 ივლისამდე, დროებით შეაჩერა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიკომს“ აღნიშნული პაკეტის ძალაში დატოვება მოუწევს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები