აპრილი 15, 2021 16:25

კომუნიკაციების კომისიამ უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირების გამო ტელეკომპანია „ალტ ინფო“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო 2500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“. გადაცემაში მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ - კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას. კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები.

„ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებულ გადაცემაში  წამყვანები ასევე ამართლებდნენ ისეთ  ქმედებებს, როგორიც არის  ბავშვზე ფიზიკური ძალადობა და, ზოგადად, ძალადობა, რაც არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულია. კანონმდებლობის თანახმად, ასეთი შინაარსის პროგრამა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევა და არ უნდა განთავსდეს 06:00-დან 24:00 საათამდე.  გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებელმა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალა 21:00 საათზე კანონდარღვევით განათავსა.  

კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მაღალია ის ზიანი, რაც ამგვარი პროგრამის ეთერში განთავსებით ადგება როგორც სრულწლოვან, ისე - არასრულწლოვან აუდიტორიას. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები