აგვისტო 26, 2021 16:30

კომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის შვიდ მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა და სასამართლოს გადასცა

კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების გამო, საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს, „ტელეიმედს“, ტელეკომპანია „პირველს“, „ფორმულას“, „რუსთავი 2“-ს და „სტუდია მაესტროს“ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულმა მაუწყებლებმა 23 აგვისტოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონდარღვევით გააშუქეს. კერძოდ, მაუწყებლების მიერ დაირღვა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები.  

კანონმდებლობის აღნიშნული ვალდებულება შვიდივე მაუწყებლის მიერ დაირღვა, რის საფუძველზეც, კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა და განსახილველად სასამართლოს წარუდგინა. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები