ივნისი 08, 2021 10:59

კომუნიკაციების კომისიამ მაისის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ მაისის თვის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ თვეში კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.

ComCom დაიჯესტით ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების შესახებ ინფორმაციას. 2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო  შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. რაც შეეხება რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლების გადანაწილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ComCom დაიჯესტში. 

მაისის დაიჯესტში შევიდა ასევე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება კომპანია „კავკასუს ონლაინის“ შესახებ, რომელიც უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ეხება. გასულ თვეს კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ სცნო და კომპანიას  უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.

ComCom დაიჯესტით საზოგადოება ასევე მიიღებს ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით. „Login Georgia”-ს პროექტის განხორციელების შედეგად ოზურგეთის 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა. ფართოზოლოვანი ინტერნეტის შედეგად ახალი შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ComCom დაიჯესტში შეგიძლიათ იხილოთ.  

მაისის დაიჯესტში ასევე შესულია ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გასულ თვეს კომისიამ მედიააკადემიასთან ერთად მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის უკვე მეოთხედ გამოაცხადა. საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების განვითარებას.

ComCom დაიჯესტში ასევე შეგიძლიათ ნახოთ, როგორია ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა და როგორ გაიზარდა 4G ტექნოლოგიის გამოყენება. მაისის დაიჯესტი ასევე მოგაწვდით ინფორმაციას www.sheamotsme.ge -ს პლატფორმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, როდესაც ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები