კომუნიკაციების კომისიამ ITU-სთან თანამშრომლობით ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირთან (ITU) თანამშრომლობით ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, რომელსაც აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული, პრიორიტეტულია ონლაინ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
სამუშაო შეხვედრა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ გახსნა. მან ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოებისთვის მედიაწიგნიერების უნარების ადრეული ასაკიდან განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შედეგები მიმოიხილა. პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერება სკოლებში არჩევით საგნად დაინერგა და 2025 წლისთვის საქართველოს 293 სკოლაში ისწავლებოდა. ნათია კუკულაძემ ასევე ისაუბრა სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. ამ მიზნით კომისიამ ქართულ საგანმანათლებლო სტანდარტებს მოარგო გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“, რომელიც საბავშვო ბაღების აღმზრდელებს ბავშვებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისთვის პრაქტიკულ აქტივობებს სთავაზობს. ნათია კუკულაძემ ასევე ხაზი გაუსვა ციფრულ გარემოში არსებული რისკებისგან ბავშვების დაცვისა და ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი იაროსლავ პონდერი.
საერთაშორისო ორგანიზაცია South West Grid for Learning-ის (SWGfL) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ რაიტმა მონაწილეებს ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების სფეროში არსებული საერთაშორისო ტენდენციები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გააცნო. ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ევროპის რეგიონული ოფისის პროექტის ოფიცერმა ვიქტორია ომელიანენკომ კი ITU-ს მიერ შემუშავებული ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების სახელმძღვანელო პრინციპები და პრაქტიკული რესურსები წარადგინა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება და ეფექტიანი მარეგულირებელი მიდგომები განიხილეს. მათ ასევე იმსჯელეს 2020 წელს საქართველოში ამ მიმართულებით ჩატარებული შეფასების შედეგებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მას შემდეგ მიღწეულ პროგრესზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრულ გარემოში წარმოქმნილ ახალ რისკებს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მონაწილეებმა განიხილეს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზები, სამომავლო პრიორიტეტები და ერთობლივი მუშაობის შესაძლო მიმართულებები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია შექმნის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირთან (ITU) ელექტრონული კომუნიკაციების განვითარებისა და რეგულირების, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული უნარების გაძლიერების, მედიაწიგნიერებისა და ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივად მუშაობენ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ციფრულ გარემოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეფექტიანი მიდგომების განვითარებაზე.
