ივლისი 22, 2020 9:51

კომუნიკაციების კომისია: მივმართავთ ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გადაამოწმოს ფაქტები და მხოლოდ ამის შემდგომ გააკეთოს შეფასებები საქართველოში არსებულ მედია გარემოზე

კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს  ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მედიას და „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ეხება. 20 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „ქართულ მედიაზე წინასაარჩევნოდ გაძლიერებული ზეწოლა“,  არასწორ ფაქტებს და მათზე დაყრდნობით გაკეთებულ შეცდომაში შემყვან დასკვნებს  შეიცავს. სტატიის თანახმად, „საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას“.

კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა და პატივსაცემმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიც არის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ფაქტების შესწავლისა და გადამოწმების გარეშე საქართველოში არსებულ მედია გარემოსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ნაჩქარევი, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა. 

კომუნიკაციების კომისიამ, საკანონმდებლო უწყებამ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს არაფერი ჰქონდა საერთო მედიასთან და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან. აღნიშნული დასტურდება თავად კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლიც 17 ივლისს გამოქვეყნდა და, დაინტერესების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.  კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ცვლილებები არ ეხება არცერთი ტიპის მაუწყებელს, მათ შორის არც მულტიპლექს პლატფორმის ოპერატორს. უფრო მეტიც, ცვლილებები შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების (და არა მაუწყებლობის) სფეროში მოქმედ არა ყველა ავტორიზებულ პირს, არამედ მხოლოდ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებს (SMP) და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ მათ მდგომარეობას და ერთი წლის განმავლობაში კანონმდებლობის დენად, კონკურენციის შემზღუდავ დარღვევაზე ოთხჯერ სანქცირების შემდეგაც არ შეასრულებენ ისეთ სპეციფიურ ვალდებულებას, როგორიცა: ა) დაშვების ვალდებულება; ბ) სატარიფო ვალდებულება; გ) კომპანიის, მისი წილების/აქტივების გასხვისება სახელმწიფოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

შეუძლებელია, რომ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის და კონკურენციის დაცვის მიზნით გადადგმულმა „ამ ნაბიჯებმა საფრთხე შეუქმნას მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს“, როგორც ამას გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დარწმუნებული ვართ კარგად იცის, რომ საქართველოში არსებული მედია პოლიტიკა არის ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების თვალსაზრისით. დღეს  მედია სრულიად არის დერეგულირებული, არ არსებობს არცერთი რეგულაცია, რომელიც მის სარედაქციო პოლიტიკაში, ან მის მიერ ნაწარმოებ კონტენტში ჩარევასთან იქნება დაკავშირებული.  ქართული კანონმდებლობის მიხედვით, გაუქმებულია ლიცენზირების სისტემა, ტელემაუწყებლობის დაწყება  ნებისმიერ პირს მარტივი ავტორიზაციით მაქსიმუმ 10 დღეში  შეუძლია.  დღეს ქვეყანაში გვაქვს 100-ზე მეტი ტელე და 40-ზე მეტი რადიო სამაუწყებლო არხი და პლურალისტული მედია გარემო.

თავად ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშების მიხედვით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი ყოველწლიურად იზრდება:  2012 წელს ქვეყანა 104-ე ადგილზე იყო, ხოლო 2019 წლის მონაცემებით მე-60 ადგილზეა; 2012 წლიდან, საქართველო  მედიის თავისუფლების კუთხით 44 საფეხურით დაწინაურდა და ეს სწორედ იმ ლიბერალური სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომელიც ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით არსებობს. 

კიდევ ერთი თემა, რომელზეც სტატიაშია საუბარი მედიაკრიტიკის ვებ-პლატფორმას ეხება,  სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ცალკეული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებზე დაყრდნობით, რაც არ ასახავს რეალობას. სტატიაში არაფერია ნათქვამი ვებ-პლატფორმის რეალურ მიზნებსა და სიკეთეებზე.  www.mediaciritc.ge, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშესაწყობად შექმნა, მოწოდებულია საზოგადოებას  პროფესიული და კვალიფიციური, მიუკერძოებელი მედიაკრიტიკა შესთავაზოს კრიტიკული აზროვნების განვითარების და, საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მიზნით.

კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედია პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია მცდარ, გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და  შეფასებების გავრცელება,  რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქვეყნის იმიჯს და შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება.  აქედან გამომდინარე, მივმართავთ ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თავად გადაამოწმოს ზემოთ მოყვანილი ფაქტები, მხოლოდ ამის შემდგომ გააკეთოს შეფასებები და რეალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას საქართველოში არსებულ მედია გარემოზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები