თებერვალი 23, 2021 10:09

კომუნიკაციების კომისია: ფრიდონ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას კანონმდებლობა უკრძალავს

კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი განცხადებების გამო. ფრიდონ ინჯია კომუნიკაციების კომისიის შესახებ გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით არღვევს  საქართველოს პარლამენტის  ეთიკის კოდექსს, ამასთან მას აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან  ფრიდონ ინჯია და მისი ახლო ნათესავები ფლობენ წილს და უკავიათ მმართველობითი თანამდებობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის რეგულირებად სუბიექტებს. აღნიშნული დეპუტატი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას პარლამენტის ეთიკის კოდექსი უკრძალავს. ამასთან დეპუტატ ინჯიას განცხადებები არის  კომუნიკაციების კომისიის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ფრიდონ ინჯია წარმოადგენს შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რაც პირდაპირ წარმოადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი.“ ამასთანავე ფრიდონ ინჯია ასევე წარმოადგენს სხვა ავტორიზებული პირის - შპს „ახალი ქსელების“ წილის (46.238%) მფლობელს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ იურიდიულ პირებში წილებს ასევე ფლობენ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრი (მეუღლე) და ახლო ნათესავები (შვილი).

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ (რომელიც ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შესასრულებლად სავალდებულოა პარლამენტის წევრისთვის) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. კოდექსის მიზნებისთვის „ოჯახის წევრსა“ და „ახლო ნათესავში“ იგულისხმებიან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები; საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს;“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პარლამენტის წევრს გააჩნია, როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ასევე მის მიერ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.

კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით  არის გარანტირებული. კერძოდ,  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გარანტირებულია მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი მარეგულირებლის დამოუკიდებლობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად პრინციპებს წარმოადგენს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;“ ეს წესი კი განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, რომლის თანახმადაც „კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.“

სწორედ ეს არის ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს კომუნიკაციების კომისიის, როგორც კონსტიტუციური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშვალდებულებას. ნებისმიერი სხვა სახით ჩარევა მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, წარმოადგენს კომისიის დამოუკიდებლობის შელახვის, მასზე არასათანადო ზემოქმედებისა და მის საქმიანობაში არასამართლებრივი ჩარევის მცდელობას და დაუშვებელია კანონმდებლობის თანახმად.

დაუსაბუთებელი და სამართლებრივი ნორმებიდან გასულია ფრიდონ ინჯიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური უნდა ირიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და არა კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში.  2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარალამენტის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებების რამდენიმე საკანონმდებლო აქტში („მაუწყებლობის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში), რომლის შედეგადაც გაუქმდა ნუმერაციის რესურსზე ნებართვა, შესაბამისად გაუქმდა სანებართვო მოსაკრებელიც და განისაზღვრა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური, რომელიც გადაიხდება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში. აღნიშნული გარემოება ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ჩანს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცვლილებების პროექტების განმარტებით ბარათებშიც, რომელიც საჯაროა და განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიისთვის როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დეპუტატ ინჯიას მიერ საკანონდებლო ჩარჩოებიდან გასული განცხადებები, რომელიც მის პირად და ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები