დეკემბერი 30, 2020 17:10

კახა ბექაური: უარი უნდა ვთქვათ უხამსობაზე, სიძულვილის ენაზე და დავნერგოთ დასავლური ღირებულებები, მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტი

„საქართველოში დღეს 100-ზე მეტი ტელევიზია გვაქვს, ძალიან პლურალისტურია მედიაგარემო, ეს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარია. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში, სამწუხაროდ, გაჯერებულია მედიასივრცე ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტების, ყალბი ახალი ამბების, სიძულვილის ენით, მუქარით, შეურაცხყოფებით, უხამსობით. ამ მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი  გამონაკლისია, ეს დადასტურდა საარჩევნო კამპანიის დროს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგებითაც. საზოგადოებრივი მაუწყებელი გამორჩეული იყო ნამდვილად ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვის კუთხით.“ – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულის ჩადების ღონისძიებაზე გააკეთა.

კახა ბექაურმა მედიის გამოწვევებზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ დღევანდელ მრაფალფეროვან მედიაგარემოში საზოგადოებრივი მაუწყებელი  მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით აშუქებს მოვლენებს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ  საზოგადოებრივ მაუწყებელს 64 წლის იუბილე მიულოცა  და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში, მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ტელევიზიას მაღალტექნოლოგიური, თანამედროვედ აღჭურვილი შენობა და სტუდიები ჰქონდეს.

„დასავლურ დემოკრატიაში მთავარ ღირებულებას ინფორმირებული მოქალაქე წარმოადგენს. ხვალინდელ საქართველოში ჩვენ მედია ზუსტად ასე უნდა წარმოვიდგინოთ, უარი უნდა ვთქვათ უხამსობაზე, უარი უნდა ვთქვათ სიძულვილის ენაზე, უარი უნდა ვთქვათ მიკერძოებულობაზე და მიუკერძოებლობის სტანდარტები უნდა დავნერგოთ მედიაში. ამ მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი როლი, რადგან ის პოლიტიკისგან დაცლილია, ის ხალხის მიერ ფინანსდება და გამორჩეული ადგილი უკავია ამ თვალსაზრისით. გილოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ.“ – განაცხადა კახა ბექაურმა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები