ოქტომბერი 15, 2021 16:53

„კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაევალა

კომუნიკაციების კომისიამ წილების უკანონოდ გასხვისების გამო,  კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ ცნო სამართალდამრღვევად და ამჯერად კომპანიას წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მეორედ დაავალა. კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტების კომუნიკაციების კომისიაში წარდგენის ვადად -  2021 წლის  არაუგვიანეს 31 დეკემბერისა განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომპანიის წილების 49%-ის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გაასხვისა კომპანიის დარჩენილი  51%. მიუხედავად იმისა, რომ 49%-ის უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით „კავკასუს ონლაინი“ კომუნიკაციების კომისიამ რამდენჯერმე დაასანქცირა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები არ შეუსრულებია.  ამის შემდგომ,  2021 წლის 22 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „კავკასუს ონლაინმა“   კვლავ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვისა და წინასწარი თანხმობის გარეშე  კომპანიის დარჩენილი  51% გაასხვისა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ დაარღვია.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“  წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება 2021 წლის 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით დაავალა, მაგრამ კომპანიას ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია. 

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.  2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა. კერძოდ, კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის  20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმები, ხოლო 2020 წლის პირველი ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებით კომისიამ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის შესაბამისად დანიშნა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი კომისიის მიერ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები