ოქტომბერი 14, 2020 12:11

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველო რეგიონში ლიდერია - EU4Digital-ის მმართველი კომიტეტი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს

კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტის - EU4Digital მმართველი კომიტეტის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.  სხდომა ევროკომისიის ორგანიზებით, COVID-19 პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. პროექტი EU4Digital ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება და ის ციფრულ სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

EU4Digital-ის ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, როგორებიცაა -ელექტრონული კომუნიკაციები, ნდობა და თავდაცვა, ელექტრონული ვაჭრობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, ელექტრონული ჯანდაცვა, და ელექტრონული უნარები.  პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება - EaPeReg და  EU4Digital-ის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაქირავებული კომპანიები Ernt&Young და მსოფლიო ბანკი არიან ჩართულები.

მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, როუმინგული ტარიფების შემცირება, სიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია და ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარება, ფართოზოლოვანი სტრატეგიისა და ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა - სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს თემებს მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი.

თემატური დისკუსიის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში 5G-ის დანერგვის ხელშეწყობისა და განვითარების მნიშვნელობაზე ჩაატარა პრეზენტაცია.

ევროკომისიის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი წარმატებით ხორციელდება, რაშიც EaPeReg-ის, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის როლი განსაკუთრებულია. კომუნიკაციების კომისია, როგორც EaPeReg-ის წევრი, პროექტში მისი დაწყების დღიდან აქტიურადაა ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის წარმატებაში.  შეხვედრაზე სხვადასხვა ექსპერტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციებით და განცხადებებით ცალსახად აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგიონში საქართველო ლიდერობს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები