ComCom: საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალის ათვისების მიზნით IP პირინგისა და IXP-ის განვითარებისთვის კვლევა დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში გაფართოებული ურთიერთჩართვის (IP პირინგის) მომსახურებისა და ინტერნეტის გაცვლის წერტილების (IXP) განვითარების ბარიერების შესასწავლად კვლევა დაიწყო. პროექტის მიზანია გამოვლინდეს და აღმოიფხვრას ბაზრის განვითარების შემაფერხებელი გარემოებები, რათა გაძლიერდეს კონკურენტული გარემო და მომხმარებლებმა გაუმჯობესებული ინტერნეტსერვისი მიიღონ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებას და საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალს გაზრდის. პროექტის ფარგლებში, კვლევაში მონაწილე ექსპერტებმა „მაგთიკომთან“, „სილქნეტთან“, „ახალ ქსელებთან“, „კავკასუს ონლაინთან“ და მცირე და საშუალო ოპერატორების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს, რომლის ფარგლებშიც, პრაქტიკის, შეზღუდვების და ბაზრის სპეციფიკის გაანალიზების მიზნით სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დამკვიდრებული პრაქტიკის შესწავლა IP ურთიერთჩართვის ადგილობრივ ბაზარზე - თუ როგორ ცვლიან ერთმანეთში ინტერნეტ რესურსებს ოპერატორები, რამდენად ხელმისაწვდომია პირდაპირი ურთიერთჩართვა და რა სირთულეებს აწყდებიან სექტორის წარმომადგენლები. ამასთან, შეფასდება ადგილობრივ, ქეშირებულ და გლობალურ კონტენტთან წვდომის პირობები, რაც გავლენას ახდენს ინტერნეტის სიჩქარეზე, ხარისხზე და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. გარდა ამისა, კვლევა მოიცავს საქართველოში IXP ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების ანალიზს და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას, რაც კომუნიკაციების კომისიას შესაბამისი ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებაში დაეხმარება.
პროექტს კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Plum Consulting Paris SAS-ის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც უკვე მრავალი წელია სატელეკომუნიკაციო და ციფრული რეგულირების მიმართულებით მუშაობს. კვლევაში კი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები - სემ ვუდი, გრანტ ფორსაითი და მაიკ ბლანში არიან ჩართულები.
გრანტ ფორსაითი არის კომპანია Plum-ის პარტნიორი, რომელსაც აქვს 30 წლიანი გამოცდილება სატელეკომუნიკაციო და ციფრულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო პროექტებში. იგი სპეციალიზებულია ბაზრის ანალიზში, ტექნოლოგიური ტენდენციების შეფასებასა და კონკურენტული გარემოს კვლევაში. გრანტ ფორსაითი ხელმძღვანელობდა პროექტებს ევროკომისიისა და ENISA-სთვის. ამასთან, ხუთ წელზე მეტი ხნის მანძილზე დომენის სახელის დამხმარე ორგანიზაციაში (DNSO) წარმოადგენდა საბჭოს არჩეულ წევრს ICANN-ში (მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ კორპორაცია). ასევე, იგი იყო ახალი ზელანდიის ინტერნეტ საბჭოს წევრი (INZ).
მაიკ ბლანში არის Plum Consulting-ის ექსპერტი, რომელიც 30 წელია მოღვაწეობს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის სფეროში. მისი გამოცდილება მოიცავს ინტერნეტ ქსელების ტექნიკურ, კომერციულ და საჯარო პოლიტიკის ასპექტებს ტელეკომის ოპერატორების, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერების, კონტენტისა თუ აპლიკაციების პროვაიდერებისა და ინტერნეტის გაცვლის წერტილების მასშტაბით. მაიკი 14 წლის მანძილზე Google-ში სატელეკომუნიკაციო სტრატეგიული ურთიერთობების ჯგუფის უფროსის პოზიციას იკავებდა, სადაც მან შეიმუშავა გლობალური სტრატეგია პირინგის და კონტენტის მიწოდების პლატფორმებისთვის. გარდა ამისა, იგი უკვე მეცხრე წელია იკავებს ლონდონის ინტერნეტ გაცვლის წერტილის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას.
სემ ვუდი კი საკონსულტაციო კომპანია Plum-ის დირექტორია, რომელსაც ტელეკომუნიკაციების, მედიისა და ტექნოლოგიების სექტორებში ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. იგი სპეციალიზებულია ეკონომიკური თეორიის პრაქტიკული გამოყენებით, აღნიშნული სექტორების ანალიზში. სემ ვუდი ასევე მუშაობდა როგორც ტელეკომუნიკაციების ბაზრის, ისე ციფრული რეკლამის, კიბერუსაფრთხოების, პლატფორმების კონკურენციისა და ონლაინ ზიანის თემებზე. 2019 წელს სემი მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტში (DCMS) როგორც ეკონომისტი, ონლაინ ზიანის აღმოფხვრასთან დაკავშირებული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად.
IXP-ის განვითარება აუმჯობესებს ინტერნეტის ხარისხს, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია ისეთი სერვისების მომხმარებლებისთვის, როგორიცაა ონლაინ თამაშები, ვიდეო კონფერენციები და Cloud პლატფორმები, სადაც მინიმალური დაყოვნებაც განსაზღვრავს მომხმარებლის კმაყოფილებას. IXP ასევე ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს, რადგან ტრაფიკის ადგილობრივ დონეზე გაცვლა, ანაცვლებს ძვირადღირებული საერთაშორისო ტრანზიტის მოხმარებას, რაც ოპერატორებს მისცემს შესაძლებლობას მეტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურასა და ინოვაციებში ჩადონ. IXP ხელს შეუწყობს ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებას, კერძოდ, წაახალისებს ლოკალური კონტენტის და სერვისების განვითარებას, შექმნის პლატფორმას საერთაშორისო კონტენტ პროვაიდერების (Amazon, Google, Meta, Microsoft და სხვა) სერვერების ნეიტრალურ წერტილში განსათავსებლად და ამასთან, დააინტერესებს გლობალური ინტერნეტის მსხვილ პროვაიდერებს, წარმოდგენილნი იყვნენ ქვეყანაში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის პოტენციალს. გარდა ამისა, IXP ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, კერძოდ, კიბერშეტევების გამოვლენასა და მათზე რეაგირების დაჩქარებას შეუწყობს ხელს.