ComCom-სა და ANCOM-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, და რუმინეთის კომუნიკაციების მართვისა და რეგულირების ეროვნული ორგანოს (ANCOM) პრეზიდენტმა, ვალერიუ შტეფან ზგონეამ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეთანხმება მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სატელეკომუნიკაციო ბაზრების ზედამხედველობის, სპექტრის მართვის, ქსელის მონიტორინგის, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ასევე, 5G და შემდგომი თაობის მობილური ქსელების განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს (Mincom) მიერ ორგანიზებული მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების კონფერენციის (WTDC-25) ფარგლებში გაფორმდა. ღონისძიების მთავარ თემას „უნივერსალური, მნიშვნელოვანი და ხელმისაწვდომი დაკავშირებადობა ინკლუზიური და მდგრადი ციფრული მომავლისთვის“ წარმოადგენდა.
WTDC-25 წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მთავრობების, მარეგულირებლების, ინდუსტრიის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ციფრულ სფეროში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ღონისძიება ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისათვის (ITU) სამომავლო პრიორიტეტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრას ისახავს მიზნად.
