წვდომის მენიუ

ოქტომბერი 20, 2026 13:48

ComCom მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს უკვე მეექვსედ უერთდება

კომუნიკაციების კომისია UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოს აღინიშნება, უკვე მეექვსედ უერთდება და საზოგადოებას მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. ComCom-ის ორგანიზებით საქართველოში კვირეული 26–30 ოქტომბერს სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებულ საგანმანათლებლო და ინტერაქციულ აქტივობებს გააერთიანებს. ღონისძიებების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია პარტნიორებთან ერთად თემატურ ვებინარებს ჩაატარებს, ტრადიციულად საქართველოს მასშტაბით სკოლები მედიაწიგნიერების დღეს აღნიშნავენ, ხოლო კვირეული ფორუმით დაიხურება. 

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის წლევანდელი თემაა „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის“. თემატიკა ხაზს უსვამს იმას, რომ მედიაწიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბება და უსაფრთხო საინფორმაციო გარემოს შექმნა საერთო პასუხისმგებლობაა, რომელშიც საკუთარი როლი აქვს როგორც საჯარო და კერძო სექტორს, განათლების სფეროს, სამოქალაქო საზოგადოებას, ისე თითოეულ მოქალაქეს. 

თანამედროვე ციფრულ გარემოში ადამიანები ინფორმაციის არა მხოლოდ მიმღებები, არამედ შემქმნელები და გამავრცელებლებიც არიან. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის გადამოწმება, ციფრული უსაფრთხოება და პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია. სწორედ ამ საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის მიერ დაგეგმილი აქტივობები. 

კვირეულის ცენტრალური ღონისძიება იქნება მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმი, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას, მასწავლებლებსა და დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. ფორუმის კონცეფცია წლევანდელი მთავარი გზავნილის გარშემო შეიქმნა და მიზნად ისახავს, მონაწილეებს არა მხოლოდ მედიაწიგნიერების საკითხებზე ინფორმაციის მიღების, არამედ საკუთარი როლის გააზრებისა და პროცესში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა მისცეს. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე - „მედია და ინფორმაციული წიგნიერება, როგორც საერთო პასუხისმგებლობა“. დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ სხვადასხვა სექტორის როლზე მედიაწიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, არსებულ გამოცდილებასა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. 

ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა მედიაწიგნიერების ეროვნული სტანდარტისა და გზამკვლევის პრეზენტაციას, რომლის მიზანია მედიაწიგნიერების სწავლების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესში შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ინტეგრირება. 

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საზოგადოებას ოთხ უფასო ვებინარსაც სთავაზობს, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. 

26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის გაიმართება ვებინარი თემაზე - „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება: ახალი ეროვნული სტანდარტი და გზამკვლევი“. მონაწილეები გაეცნობიან მედიაწიგნიერების ახალ ეროვნულ სტანდარტს, მისი პრაქტიკაში გამოყენების საკითხებსა და მასწავლებლებისთვის შემუშავებულ გზამკვლევს. 

27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კომუნიკაციების კომისია ციფრული მმართველობის სააგენტოსთან ერთად გამართავს ვებინარს თემაზე - „კიბერჰიგიენა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება“. ვებინარი შეეხება პერსონალური ინფორმაციისა და ონლაინ ანგარიშების დაცვის გზებს, უსაფრთხო პაროლების შექმნას, საეჭვო ბმულებისა და შეტყობინებების ამოცნობას, ასევე ონლაინ თაღლითობისგან თავდაცვის პრაქტიკულ რეკომენდაციებს. 

28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით გაიმართება ვებინარი თემაზე - „ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოება“. შეხვედრაზე განიხილავენ ციფრულ გარემოში ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებს, მათთან დაკავშირებულ რისკებსა და მშობლებისა და მასწავლებლების როლს ბავშვების უსაფრთხო ონლაინ გამოცდილების ჩამოყალიბებაში. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება და უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი. 

30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით გაიმართება ვებინარი თემაზე - „მედიაწიგნიერებიდან ინოვაციამდე: როგორ იქმნება და ვითარდება იდეა?“. შეხვედრა დაეთმობა იდეების შექმნისა და განვითარების პროცესს, პრობლემებისა და შესაძლებლობების კრიტიკულ შეფასებას, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ინოვაციური იდეების განხორციელების პროცესში. 

კვირეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრადიციულად იქნება საქართველოს მასშტაბით სკოლების ჩართულობა. მედიაწიგნიერების დღის ფარგლებში მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა შემეცნებით და პრაქტიკულ აქტივობას გამართავენ. ისინი იმსჯელებენ სანდო და მცდარი ინფორმაციის გარჩევაზე, ინფორმაციის გადამოწმებაზე, უსაფრთხო ციფრულ ქცევასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, შექმნიან თემატურ ნამუშევრებს და პრაქტიკული დავალებებით განივითარებენ მედიაწიგნიერების უნარებს. 

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული UNESCO-ს საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები