ComCom-მა წალენჯიხაში ინტერნეტის გამოყენების შესახებ 500-მდე ადგილობრივი გადაამზადა

გრძელდება კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ 34 ტრენინგი ჩატარდა და 500-მდე ადგილობრივი გადამზადდა. ტრენინგის მონაწილეები სრულიად უფასოდ გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების გამოყენება და სხვა. პროგრამა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წალენჯიხის სამიზნე დასახლებებია: ჭალე, ჭველე, ეწერფერდი, ჯარიღა, ლარა, ლეშამუგე, ლეთკანთი, მახარია, მუჟავა, ნაკიფუ, ოლორი, ფოცხოეწერი, საჩინო, სამესხიო, ულურია და ზღვაია. მუნიციპალიტეტში პროგრამის ციფრული ელჩის ნომერია: 557 70 72 74.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 9900-მდე ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.