ComCom-მა თბილისის საპილოტე საბავშვო ბაღში მედიაწიგნიერების დანერგვა დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ თბილისის, №142 საპილოტე საბავშვო ბაღს, მედიაწიგნიერების დანერგვის მიზნით, გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ გადასცა. აღნიშნული ბაღი ერთ-ერთია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ საპილოტე დაწესებულებებს შორის, სადაც მედიაწიგნიერების სკოლამდელ განათლებაში ინტეგრირება მოხდება.
შეხვედრას აღმზრდელები, აღსაზრდელები და მშობლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადრეული ასაკიდან მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო პროცესში გზამკვლევის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ არის შემუშავებული და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მედიის გაგებასა და შეფასებას, მედიის შექმნასა და მედიაგარემოში ნავიგაციას. რესურსი ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებზეა მორგებული და აღმზრდელებს მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისთვის პრაქტიკულ აქტივობებსა და სწავლების მეთოდებს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების სკოლამდელ განათლებაში დანერგვის მიზნით გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობითა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით ქართულ საგანმანათლებლო სტანდარტებს მოარგო. ComCom-ი აღნიშნული რესურსის ეტაპობრივ დანერგვას საქართველოს მასშტაბით გეგმავს.
