ComCom-მა „სფერო ტვ“ თვითრეგულირების მექანიზმის არაეფექტიანობისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სფერო ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში ComCom-ს საჩივრით მიმართა ფიზიკურმა პირმა კ.კ-მ, რომელიც მიუთითებდა, რომ მაუწყებელმა ერთ-ერთ სიუჟეტსა და სოციალურ ქსელში მის შესახებ სიცრუე გაავრცელა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფიზიკურმა პირმა მიმართა „სფერო ტვ“-ის თვითრეგულირების ორგანოს, რის შემდეგაც თვენახევრის დაგვიანებით მიიღო წერილი, რომ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასთან, წარმოების პროცესში არ იყო უზრუნველყოფილი დაინტერესებული პირის ჩართულობა.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 აპრილს ComCom-მა „სფერო ტვ“-ის ვებ-გვერდის შექმნა დაავალა და წერილობითი გაფრთხილება მისცა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, „სფერო ტვ“-ის არ აქვს ეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმი და არ გააჩნია სააპელაციო ორგანო. ამასთან, „სფერო ტვ“-ის მიერ არ არის შესრულებული კომისიის 3 აპრილის გადაწყვეტილება ვებ-გვერდის შექმნის და მასზე სათანადო ინფორმაციის მითითების თაობაზე.
ამდენად, თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის არარსებობისა და ComCom-ის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის კომუნიკაციების კომისიამ „სფერო ტვ“ 2500 ლარით დააჯარიმა.