წვდომის მენიუ

ივლისი 31, 2025 17:07

ComCom-მა „სეზონი ტვ“ შეურაცხმყოფელი ლექსიკისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, ComCom-ს საჩივრით მიმართეს ფიზიკურმა პირებმა, რომელთა მტკიცებით, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“ გაჟღერდა ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მათ მიმართ. საჩივრის ავტორების აზრით, აღნიშნული სიუჟეტი შეიცავდა სიძულვილის ენას და მიზნად მტრული და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენას ისახავდა.

კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა გარემოება, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მიუხედავად გადაცემაში გაჟღერებული შეურაცხმყოფელი შინაარსისა, სახეზე არ იყო სიძულვილის ენის კვალიფიკაციისთვის სავალდებულო პირობები, ვინაიდან აღნიშნულის დასადგენად აუცილებელია გამოვლინდეს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური ნიშნის, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიისა ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლის, ენის, პოლიტიკური შეხედულების, სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნის მიხედვით. შესაბამისად, ComCom-მა შემოსული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ „სეზონი ტვ“-ის ეთერში 21:00-დან 22:16 საათის ჩათვლით განთავსებული პროგრამა წარმოადგენს არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამას, ვინაიდან გადაცემის წამყვანი და სტუმარი იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ლექსიკას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები და 6:00-დან 23:00 საათამდე ეთერში 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის  შეუფერებელი პროგრამა არ განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „სეზონი ტვ“-მ მსგავსი დარღვევიდან 1 წლის განმავლობაში ანალოგიური დარღევა მეორედ ჩაიდინა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი დააკისრა, ვინაიდან „სეზონი ტვ“-ის წლიური შემოსავალი 0 ლარს შეადგენს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები