ComCom-მა სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
შეხვედრებზე განხილული იყო ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის, მოსაზრებისა და ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნა, დეზინფორმაციის გავრცელების ტექნიკები, ასევე, ტროლებისა და ბოტების გარჩევა. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია როგორც პროპაგანდის და კონსპირაციული თეორიების, ისე დეზინფორმაციის საფრთხეებისა თუ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ.
თეორიული ინფორმაციის გარდა, შეხვედრები მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გუნდური დავალების შესრულების გზით კონკრეტული მაგალითების ანალიზსა და განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.