ComCom-მა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლის მეთოდოლოგია განაახლა და ახალი განაკვეთი გამოითვალა
კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სექტორის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლის მეთოდოლოგია განაახლა და 2026 წლიდან დაწყებული, მომდევნო მარეგულირებელი პერიოდისთვის, ახალი განაკვეთი გამოითვალა.
ComCom-ის მიერ 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში „მობილური და ფიქსირებული ქსელებისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) დადგენის თაობაზე“ ბოლო ცვლილება 2022 წელს განხორციელდა, რომლითაც დადგინდა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების შესაბამისი განაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის გასვლის გათვალისწინებით კი, ComCom-მა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მეთოდოლოგიის გადახედავა და ახალი განაკვეთის განახლება.
კომუნიკაციების კომისიის მიერ 2006 წელს დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ თანახმად, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება - WACC სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის ComCom-ის გადაწყვეტილებით დგინდება.
თანდართული დოკუმენტით წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში შემუშავებული საკონსულტაციო დოკუმენტი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ და კითხვები და კომენტარები გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით: post@comcom.ge
კომისიიდან საკონტაქტო პირი - ეკატერინე სიჭინავა, esichinava@comcom.ge
