წვდომის მენიუ

სექტემბერი 29, 2026 13:14

ComCom-მა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გამართა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მონტენეგროში გამართულ ITU-EKIP-ის ევროპის რეგიონული მარეგულირებელი ფორუმის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს. 

ფორუმის ღონისძიების გახსნის სესიის დროს კომუნიკაციების კომისიისა და მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სააგენტოს (EKIP) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ComCom-ის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და EKIP-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ელვის ბაბაჩიჩიმ მოაწერეს ხელი. 

ფორუმის ფარგლებში, გოგა გულორდავამ და ეკატერინე იმედაძემ ორმხრივი  შეხვედრები გამართეს ჩრდილოეთ მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს (AEC) კომისიის წევრებთან, მალტის კომუნიკაციების ორგანოს (MCA) აღმასრულებელ დირექტორსა და ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან. 

ჩრდილოეთ მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს (AEC) კომისიის წევრებთან  შეხვედრისას მხარეებმა ComCom-სა და AEC-ს შორის თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების, კონკურენციის ხელშეწყობის, სიხშირული რესურსის მართვისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის  გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. 

მალტის კომუნიკაციების ორგანოს (MCA) აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას, მხარეებმა ბოლო წლებში განხორციელებული თანამშრომლობა შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ComCom-სა და MCA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა. მას შემდეგ უწყებებს შორის არა ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირების სხვადასხვა საკითხზე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმდინარე პრიორიტეტების განახლებისა და სექტორის რეგულირების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით შემდგომი სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაზეც ისაუბრეს. 

ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა ონლაინ დაცვის, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს დაეთმო. ComCom-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ITU-ს გამოცდილების მნიშვნელობას ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ITU-სთან ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიისა და შესაბამისი უნარების განვითარების მიმართულებით. 

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ITU-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელს (EaPeReg) შორის თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივად განსაზღვრის შესაძლებლობები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები