ComCom-მა „რუსთავი 2“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „მედია ჰოლდინგი“ ბრენდული სახელით „რუსთავი 2” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხზე 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქება.
კანონმდებლობით იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.
გამომდინარე იქიდან, რომ „მედია ჰოლდინგი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცირებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი კანონის შესაბამისად, წერილობით გააფრთხილა.
