ComCom-მა პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის „რუსთავი 2“ და „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის „რუსთავი 2“ (მედია ჰოლდინგი) და „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად, მაუწყებლების ეთერში პროდუქტის განთავსების წესების ისეთი დარღვევები გამოვლინდა, როგორებიცაა პროდუქტის განთავსებით გადაცემის შინაარსზე გავლენის მოხდენა და პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. ასევე, „ფორმულას“ მიერ პროგრამაში პროდუქტის განთავსების იდენტიფიცირების წესები იყო დარღვეული. ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორივე მაუწყებელს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიებს მინიმალური ჯარიმა - 2500 ლარი დააკისრა.
სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement“ გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს პროდუქტის განთავსების შესახებ ევროკავშირის მედია ექსპერტთან ერთად ჩატარებული კვლევა და კვლევის შედეგები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროდუქტის განთავსების წესები ტელევიზიების მიერ ყოველდღიურად უხეშად ირღვეოდა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ComCom-მა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მაუწყებლებს 2024 წლის ბოლომდე მიეცემოდათ გარდამავალი პერიოდი, რათა თავიანთი სამუშაო, მიდგომები და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებები კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ, ხოლო გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ, კომისია კანონის აღსრულებას სრული სიმკაცრით დაიწყებდა.
საგულისხმოა, რომ გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლები დამატებით მართავდნენ ინდივიდუალურ კონსულტაციების ტელევიზიების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად განიხილებოდა პროდუქტის განთავსების დარღვევის მაგალითები, საკანონმდებლო ბაზა და გაიდლაინები, რათა 2025 წლიდან ყველა მაუწყებელს კანონი ეფექტიანად აღესრულებინა.