წვდომის მენიუ

ივლისი 10, 2025 17:10

ComCom-მა პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის „ტელეიმედი“ 2500 ლარით დააჯარიმა, „TV პირველი“, „სეზონი ტვ“ და „ობიექტივი“ კი წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის „TV პირველი“ „სეზონი ტვ“ და „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა, ხოლო „ტელეიმედი“ 2500 ლარით დააჯარიმა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად, მაუწყებლების ეთერში პროდუქტის განთავსების წესების ისეთი დარღვევები გამოვლინდა, როგორებიცაა პროდუქტის განთავსებით გადაცემის შინაარსზე გავლენის მოხდენა, პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირი მოწოდება, ასევე, პროგრამაში პროდუქტის განთავსების იდენტიფიცირების წესების დარღვევა და პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. საგულისხმოა ისიც, რომ „სეზონი ტვ“-ისა და „ობიექტივის“ შემთხვევაში, დარღვეული იყო სპონსორზე მითითების წესებიც.

ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში „TV პირველს“ პროდუქტის განთავსების, ხოლო „სეზონი ტვ“-ისა და „ობიექტივს“ პროდუქტის განთავსების წესების ან/და სპონსორზე მითითების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. „ტელეიმედმა“ კი დარღვევიდან 1 თვეზე ნაკლებ პერიოდში ანალოგიური/მსგავსი დარღვევა ჩაიდინა, რის გამოც, ComCom-მა მაუწყებელს მინიმალური ჯარიმა - 2500 ლარი დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement“ გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს პროდუქტის განთავსების შესახებ ევროკავშირის მედია ექსპერტთან ერთად ჩატარებული კვლევა და კვლევის შედეგები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროდუქტის განთავსების წესები ტელევიზიების მიერ ყოველდღიურად უხეშად ირღვეოდა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ComCom-მა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მაუწყებლებს 2024 წლის ბოლომდე მიეცემოდათ გარდამავალი პერიოდი, რათა თავიანთი სამუშაო, მიდგომები და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებები კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ, ხოლო გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ, კომისია კანონის აღსრულებას სრული სიმკაცრით დაიწყებდა.

საგულისხმოა, რომ გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლები დამატებით მართავდნენ ინდივიდუალურ კონსულტაციების ტელევიზიების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად განიხილებოდა პროდუქტის განთავსების დარღვევის მაგალითები, საკანონმდებლო ბაზა და გაიდლაინები, რათა 2025 წლიდან ყველა მაუწყებელს კანონი ეფექტიანად აღესრულებინა.

სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. ამასთან, პროგრამაში პროდუქტის განთავსება და სპონსორზე მითითება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს, რათა მაყურებელმა იცოდეს, რა სახის კომერციულ კომუნიკაციასთან აქვს საქმე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები