წვდომის მენიუ

ივლისი 10, 2024 15:24

ComCom-მა პროდუქტის განთავსების დარღვევების შესახებ „რუსთავი 2“-ში სამუშაო შეხვედრა გამართა

ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების დარღვევების აღმოფხვრისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიის წევრი, ივანე მახარაძე და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, კოტე ქორიძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტებს, მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებსა და პროდიუსერებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა პროდუქტის განთავსების დარღვევების შესახებ მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საკანონმდებლო ბაზისა და ComCom-ის მიერ შემუშავებული პროდუქტის განთავსების შესახებ არსებული გაიდლაინების დეტალურ განხილვას ემსახურებოდა.

კონსულტაციის ფარგლებში, კომისიის წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული პროდუქტის განთავსების დარღვევის მაგალითები განიხილეს და მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განთავსებულიყო პროდუქტი დარღვევების გარეშე. ამასთან ერთად, ისაუბრეს, თუ რა ზიანი მოაქვს მაყურებლისთვის ეთერში პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებასა და ფარულ რეკლამას. შეხვედრაზე ComCom-ის წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ არსებული გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი სამუშაოს, მიდგომებისა და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ვინაიდან, მოცემული პერიოდის დასრულების შემდგომ, კომისია კანონის სრული სიმკაცრით აღსრულებას დაიწყებს და დარღვევის შემთხვევაში, სანქციებს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, ComCom-მა კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement” ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში, კომისიამ მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, პროდუქტის განთავსების შესახებ ევროკავშირის მედია ექსპერტთან, ჟან ფრანსუა ფურნემონთან ერთად ჩატარებული კვლევა და კვლევის შედეგები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროდუქტის განთავსების წესები ტელევიზიების მიერ ყოველდღიურად უხეშად ირღვეოდა. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში პროდუქტის განთავსების დარღვევაზე კანონი და მარეგულირებელი კომისიების მიდგომა ძალიან მკაცრი იყო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიის (Ofcom) მაუწყებლობისა და ონლაინ კონტენტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სუზან ვრაითმა და ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის (RTCL) სამართლებრივი სამსახურის უფროსმა, ვადიმ გასპერსკმა, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში არსებული მიდგომები და პრაქტიკები მიმოიხილეს. ამასთან, ღონისძიებაზე გახდა ცნობილი კომისიის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით, ტელევიზიებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიეცათ გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კომისია არ გამოიყენებს სანქციებს, თუმცა განახორციელებს მედიამონიტორინგს და ყველა დაინტერესებულ ტელევიზიასთან, სამუშაო რეჟიმში, პროდუქტის განთავსების დარღვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებს განიხილავს.  გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ კი, ისევე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება, კომისია დარღვევების საპასუხოდ კანონის შესაბამის სანქციებს გამოიყენებს.

კომუნიკაციების კომისია კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, მზად არის კონსულტაციები ნებისმიერი დაინტერესებულ ტელევიზიაში ჩაატაროს და პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თანამშრომლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

პროდუქტის განთავსებისა და კომისიის გადაწყვეტილების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები