ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის „მთავარი არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა, „პოსტვ“ კი წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა, ხოლო „პოსტვ“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში მაუწყებლებმა ეთერში ვიდეორგოლები განათავსეს, რომლებიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნებოდა, კერძოდ:
„მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებში, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მოხსენიებულია საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველ „რუსულ“ კანონად. აღნიშნული ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების არჩევის ხელშეშლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
„პოსტვ“-ის ეთერში გავიდა ვიდეორგოლები, სხვადასხვა საწარმოებისა და მეწარმეების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო პროგრამების დახმარებასა და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ მიერ მეწარმეობის სფეროში წარმატებული პროექტების შესახებ საუბრობენ. ამასთან, ვიდეორგოლებს მითითებული აქვს წარწერა: „ქართული ოცნების“ დაფინანსებული 100-ზე ბევრად მეტი ქარხანა“. ეთერში განთავსებული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების მიზანი არის არა მხოლოდ მეწარმეებისა ან სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არამედ პოლიტიკური მოძრაობის „ქართული ოცნების“ არჩევის ხელშეწყობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
ზემოთ აღნიშნული ვიდეორგოლები კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა, რომელთა განთავსება მაუწყებლებს შეზღუდული აქვთ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა. შესაბამისად, ComCom-მა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების დარღვევისთვის, მაუწყებლების სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.
გამომდინარე იქიდან, რომ „მთავარი არხის“ მიმართ კანონმდებლობის ანალოგიური დარღვევის ჩადენისთვის გასულ თვეში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული იყო წერილობითი გაფრთხილება, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა - 2500 ლარი დააკისრა და ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაავალა. ხოლო, იმის გამო, რომ „პოსტვ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, ComCom-მა მაუწყებელი კანონის შესაბამისად წერილობით გააფრთხილა.