წვდომის მენიუ

აგვისტო 22, 2024 16:14

ComCom-მა „ობიექტივი“ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო ტელეკომპანია „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მაუწყებელმა აღნიშნული ტიპის რეკლამები ეთერში მრავალჯერადად განათავსა. კერძოდ, ვიდეორგოლებში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და სხვა პირები საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა პენსიები, უცხოელებზე მიწის მიყიდვა, ანაბრების დაბრუნება და ა.შ. ამასთან ერთად კი, გაკრიტიკებულია სხვა პარტიებისა თუ პოლიტიკური ძალების საქმიანობა.

შესწავლილი გარემოებების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსებული ვიდეორგოლების მიზანი არის როგორც პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მომავალ არჩევნებში ხელშეწყობა, ასევე სხვა პარტიების არჩევის ხელშეშლა. შესაბამისად, აღნიშნული რეკლამები კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა შეზღუდული აქვთ.

გამომდინარე იქიდან, რომ „ობიექტივი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, ComCom-მა მაუწყებელი კანონის შესაბამისად წერილობით გააფრთხილა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები