წვდომის მენიუ

ივლისი 17, 2025 17:29

ComCom-მა „ობიექტივი“ ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ ფიზიკური პირი ლ. მამფორიას საჩივრის საფუძველზე „ობიექტივი“ ეთერში ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. კერძოდ, მაუწყებელმა ლ. მამფორიას შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტის დაცვის გარეშე და ფაქტად გააშუქა ინფორმაცია, რომელიც მიღებული იყო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, მაყურებელს მკაფიოდ არ მიუთითა წყაროს ანონიმურობის შესახებ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაა.

მაუწყებლის მიერ გავრცელებული სიუჟეტი შეეხებოდა კერძო პირს  და შეიცავდა მის მიმართ მნიშვნელოვან ბრალდებებს, რაც განსაკუთრებული სიზუსტით უნდა გაშუქდეს და ტელევიზიამ უნდა გამოიყენოს ყველა გონივრული ზომა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ისიც, რომ მაუწყებელმა აღნიშნული სიუჟეტი სოციალური ქსელების მეშვეობითაც გაავრცელა, რითიც ასევე დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის განთავსების წესების შესახებ.

გარდა ამისა, საჩივარში იყო მოყვანილი მოთხოვნა მაუწყებლის მიერ იმავე გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის შესახებ, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან კომისიამ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადგინა, რომ მაუწყებელს სათანადოდ არ ჰქონდა გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაცია, რაც არღვევდა აუდიტორიისთვის ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით მიწოდების  სტანდარტებს.

შესწავლილი გარემოებების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ ლ. მამფორიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ობიექტივი“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევა 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში იქნა ჩადენილი, მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. ამასთან ერთად, ComCom-მა „ობიექტივს“ აღნიშნული სიუჟეტის სოციალური ქსელიდან ამოღება დაავალა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები