წვდომის მენიუ

ოქტომბერი 07, 2026 12:52

ComCom-მა მაუწყებლებთან შინაარსობრივი რეგულირებისა და პროდუქტის განთავსების საკითხებზე მორიგი შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მაუწყებლებთან სამუშაო დიალოგს იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკაში გრძელდება დარღვევები როგორც შინაარსობრივი რეგულირების, ისე ეთერში პროდუქტის განთავსების მიმართულებით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ComCom-ის წევრებმა ანი ვაზაგაშვილმა და ივანე მახარაძემ მაუწყებლების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის აპრილში განხორციელებული ცვლილებები და მათ საფუძველზე განსაზღვრული შინაარსობრივი სტანდარტები, მათ შორის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვის მოთხოვნები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროდუქტის განთავსებისა და სარეკლამო კომუნიკაციების წესები, მაუწყებლების დაფინანსებასა და სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მაუწყებლობის სფეროს სხვა აქტუალური თემები. მაუწყებლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.

ComCom-ის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს კომისიის მიერ შემუშავებულ და გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო პრინციპებზეც, რომლებიც მედიის წარმომადგენლებისთვის მარეგულირებელი სტანდარტების პრაქტიკულ სარედაქციო გზამკვლევს წარმოადგენს. დოკუმენტი განმარტავს, რას გულისხმობს სიზუსტის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტები, როგორ უნდა გაიმიჯნოს ფაქტი მოსაზრებისგან და რა კრიტერიუმებით აფასებს კომისია შესაძლო დარღვევებს.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების შემდეგ შეიმუშავა, რათა მაუწყებლებისთვის უფრო მკაფიო ყოფილიყო როგორც კანონით განსაზღვრული მოთხოვნების პრაქტიკაში შესრულების საკითხები, ისე კომისიის მიდგომები.

კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნოს შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული სტანდარტების დაცვა. ComCom-ის ამოცანაა, მაუწყებლებთან თანამშრომლობისა და მუდმივი დიალოგის გზით ხელი შეუწყოს კანონის ეფექტიან აღსრულებას, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის დაცვას და სტაბილური მედიაგარემოს განვითარებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები