ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებელი „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის, კერძოდ, უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა.
ComCom-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის III კვარტალში რადიომაუწყებელმა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული იურიდიული პირისგან - „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება.
კანონის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება. უცხოურ ძალად მიიჩნევა, მათ შორის, იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. ვინაიდან „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) დაფუძნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგი წარმოადგენს უცხოურ ძალას, ხოლო მისგან მიღებული თანხა - უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას.
