ComCom-მა GSMA-ის ფორუმზე საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების ინიციატივა წარადგინა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს ტაშკენტში გამართულ მობილური კომუნიკაციების ასოციაციის (GSMA) ღონისძიებაში სახელწოდებით „M360 ევრაზიის ფორუმი 2025“, რომლის ფარგლებშიც ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციის აკადემიის (UKTA) მიერ ორგანიზებულ ვორკშოპს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის თემაზე.
GSMA-ის ევრაზიის ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომელიც მობილური ინვესტიციების წახალისებას შეეხებოდა, ComCom-ის წევრმა წარადგინა პრეზენტაცია და ხაზი გაუსვა საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების თვალსაზრისით ComCom-ის მიერ გაწეულ ძალისხმევას, ასევე, სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციისა თუ კონკურენციის გაძლიერების მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებს: „კომუნიკაციების კომისიის მიზანია, იყოს არა მხოლოდ მარეგულირებელი ორგანო, არამედ ციფრული ტრანსფორმაციის ხელშემწყობი და ფასილიტატორი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მობილური ინვესტიციების წარმატებული მომავალი ეფუძნება თანამშრომლობას - სახელმწიფოს, ინდუსტრიის და საზოგადოების აქტიური ჩართულობით. ამასთან, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს უნდა უწყობდეს არა მხოლოდ ეკონომიკურ წინსვლას, არამედ საზოგადოების ჩართულობასა და გაძლიერებას.“ - განაცხადა მან.
GSMA-ის ევრაზიის ფორუმი ასევე ეთმობოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტისა და 5G ტექნოლოგიების განვითარება; რეგიონში ინოვაციების, ეკონომიკური პოტენციალისა და ინვესტიციების წახალისება; ასევე, ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და ციფრული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად საჭირო ჩარჩოს შექმნა.
ღონისძიებას 100-მდე ქვეყნიდან 3500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა და ციფრული პოლიტიკის შემქმნელებს, მარეგულირებლებსა თუ ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურებოდა.