ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. პროგრამა მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებასა და ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში უკვე 50-ზე მეტი ტრენინგი ჩატარდა და 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა.
პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის 17 სამიზნე სოფელსა და დასახლებას მოიცავს. ესენია: აძვი, ახალშენი, ყელქცეული, ქორდი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო შავშვები, მარანა, ნადარბაზევი, ნაწრეტი, სათბურის დასახლება, შერთული, თედოწმინდა, თერგვისი, ციცაგიანთკარი, ვარიანის მეურნეობა, ზემო რეხა და ზემო სობისი. ადგილობრივი მოსახლეობა ტრენინგების ფარგლებში ინტერნეტის უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენებისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს იძენს. კერძოდ, ბენეფიციარები ეცნობიან ციფრული სერვისებით სარგებლობისა და ონლაინ პლატფორმების მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობებს.
გარდა საბაზისო ციფრული უნარების განვითარების კურსისა, პროგრამის ფარგლებში ტარდება ტრენინგები თემებზე - „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“ და „ინტერნეტი დასაქმებისთვის“. აღნიშნული მოდულები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტებს, მათი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებსა და ციფრული ტექნოლოგიების როლს პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში. ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზეა მორგებული და მათში მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები და სტუდენტები, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე მცირე მეწარმეები.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ 2022 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის პროგრამამ საქართველოს 23 მუნიციპალიტეტის 350-ზე მეტი სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა, ხოლო ბენეფიციართა რაოდენობამ 16,000-ს გადააჭარბა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. პროექტი საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. Log-in Georgia პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
