ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია“ სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის „ფორმულა მულტიმედია“ სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობის დაკისრებისგან გაათავისუფლა. კერძოდ, „ფორმულა მულტიმედიას“ კომუნიკაციების კომისიაში 2026 წლის II კვარტლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.5 - მაუწყებლის დაფინანსების წყაროები, ფორმა 1.6 - მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება და ფორმა 1.7 - იურიდიული/ფიზიკური პირების მიერ გაწეული დაფინანსება (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) არ წარმოუდგენია. კანონის შესაბამისად, მედია მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ფორმები მაუწყებლის დაფინანსების წყაროების, მაუწყებლებისთვის გაწეული მომსახურებებისა და მაუწყებლების შემოსავლების წყაროების შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ „ფორმულა მულტიმედიამ“ აღნიშული ფორმები საჯარო სხდომაზე საკითხის განხილვამდე შეავსო, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
