წვდომის მენიუ

სექტემბერი 12, 2024 17:39

ComCom-მა 4 არხს ოქმი შეუდგინა, თუმცა, სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს

კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის, “მთავარი არხის”, “ტელეკომპანია პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ დააკმაყოფილა, ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, თუმცა სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. საქმის პრეცედენტულობიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლები არ უნდა დაჯარიმდნენ. 

საქმე ეხება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საჩივარს, რომლის თანახმადაც არ შეიძლება ერთმა საარჩევნო სუბიექტმა მისთვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ განათავსოს რეკლამა. საჩივრის თანახმად „ევროპულმა საქართველომ“ და „კი ევროპას“ საჯაროდ განაცხადეს, რომ 2024 წლის არჩევნებში „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიანდებიან. ამასთან, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეები“ გაერთიანებულია პარტიასთან - „ლელო“. საჩივრის მიხედვით, „ევროპული საქართველო“, „კი ევროპას“ და „მოქალაქეები“ ათავსებენ უფასო პოლიტიკურ რეკლამას „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, „მთავარ არხზე“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულაზე“. გარდა ამისა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ დამოუკიდებლად ათავსებენ პოლიტიკურ რეკლამას აღნიშნულ მაუწყებლებზე.

საჩივარში ასევე საუბარია უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებაზე ბლოკში შემავალი პარტიებისთვის და აღნიშნულია, რომ „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველზე“ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობასა“ და „ახალ ერთობა გვარამია მელიას“ ეთმობა იმაზე მეტი უფასო სარეკლამო დრო ვიდრე ეს „საარჩევნო კოდექსით“ არის განსაზღვრული.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო რგოლის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საჩივარში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები „ევროპული საქართველო“, „კი ევროპას“ და „მოქალაქეებს“ საჯაროდ აქვთ განცხადებული, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მონაწილეობენ არჩევნებში და მათი ლიდერები სხვა საარჩევნო სუბიექტებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, აღნიშნული პარტიები არ აწარმოებენ საკუთარი არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო კამპანიას. მათი წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არის ერთი კონკრეტული სუბიექტის წინააღმდეგ მიმართული. რომელიმე საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართული ვიდეო-რგოლის განთავსება შედის იმ სუბიექტის სააგიტაციო მიზნებში, რომლებიც აწარმოებენ საკუთარ კამპანიას. იმ პირობებში, როდესაც სუბიექტი არ აწარმოებს საკუთარი არჩევის ხელშემწყობ კამპანიას, მის მიერ განთავსებული სხვისი ხელშემშლელი რეკლამა, არა მის, არამედ სხვა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მიზნებს ემსახურება, რითიც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა.

რაც შეეხება უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას, საზოგადოებრივ მაუწყებელზე განთავსებულია „ახალი ერთობის“ სარეკლამო რგოლი 24 წამის ქრონომეტრაჟით. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ის ვალდებულია თავის ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს დრო გაყოფილი აქვს 7 ნაწილად და იმის მეხუთედს უნაწილებს ბლოკში შემავალ პარტიას, რაც არ წარმოადგენს დარღვევას.

„ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო „ახალი ერთობა გვარამია მელიას“ 14.8 წამიანი სარეკლამო რგოლი. ასევე, „ტელეკომპანია პირველსა“ და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო 19 წამიანი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რგოლი და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო 30 წამიანი „ახალი ერთობის“ სარეკლამო რგოლი. ვინაიდან აღნიშნულ სუბიექტებს უფასო საეთერო დრო საერთო ეროვნულ მაუწყებლებში ეკუთვნის 12.8 წმ, ამ რგოლების განთავსებით მაუწყებლებმა დაარღვიეს კანონის მოთხოვნა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მაუწყებლები უფასო საეთერო დროს ანაწილებდნენ შემდეგი პრაქტიკით, ისინი ყოფდნენ სავალდებულო უფასო საეთერო დროს იმ რაოდენობის სუბიექტებზე, რამდენსაც ეკუთვნის უფასო პოლიტიკური რეკლამა (ამ შემთხვევაში ეს არის 7 სუბიექტი) და წარმოდგენილი პოლიტიკური რეკლამის მიხედვით თანაბრად ანაწილებდნენ მათზე. შესაბამისად, თუ მაუწყებელს რეკლამას წარუდგენდა მხოლოდ 3 სუბიექტი, მას რჩებოდა თავისუფალი დრო, რომელსაც თანაბრად ანაწილებდა იმ სუბიექტებზე ვინც რეკლამა წარუდგინეს (კანონით გათვალისწინებული 90 წამიანი ზედა ზღვრის გათვალისწინებით). აღნიშნული პრაქტიკა არსებობდა წინა არჩევნების მიმდინარეობისასაც.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას აქამდე არ უმსჯელია, რადგან აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში არ დამდგარა. პრეცედენტულობიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიამ საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და დაადგინა, რომ მაუწყებლები არასწორად ანაწილებდნენ საეთერო დროს. საარჩევნო სუბიექტებს უნდა მიეცეთ ის უფასო სარეკლამო დრო, რაც თავიდანვე კანონის მიხედვით ეკუთვნით, იმის მიუხედავად რამდენი სუბიექტი წარადგენს მაუწყებელში რეკლამას ან რამდენი მოიხსნება რეგისტრაციიდან.

კომუნიკაციების კომისიამ მსჯელობის საფუძველზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა, მაუწყებლების მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და სასამართლოს ტელევიზიების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს, ვინაიდან აღნიშნული გარემოება  მაუწყებლებისთვისაც სიახლეს წარმოადგენს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები