წვდომის მენიუ

მაისი 29, 2026 10:10

ComCom-მა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც გასული წლის საქმიანობის შეჯამების, ისე 2026 წლის გეგმის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. წლიურ ანგარიშში კომისიის რეგულირებაში შემავალი სფეროების, მათ შორის ტელეკომისა და მაუწყებლობის დარგების ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევებია მიმოხილული. ასევე, წლიური ანგარიშის დოკუმენტი დეტალურად მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ. 

ComCom-ის 2025 წლის ანგარიშში მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: 5G-ის განვითარება საქართველოში, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, ქვეყნის ინტერნეტიზაცია და ციფრული წიგნიერება, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა, IP პირინგისა და IXP-ის განვითარების კვლევა და სხვა. 

ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ტელეკომ სექტორისა და მაუწყებლობის დარგის განვითარების ტენდენციები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ჭრილში. ასევე, გადმოცემულია ინფორმაცია საკომუნიკაციო სექტორიდან ქვეყნის ბიუჯეტში შენატანების შესახებ. 

რაც შეეხება მაუწყებლობის დარგს, ანგარიშში შეჯამებულია მედიაგარემოს გაჯანსაღების მიზნით კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, საუბარია მედიის გამოწვევებსა და სარეკლამო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. ასევე, წარმოდგენილია წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგისა და ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის ანალიზის შედეგები. 

ანგარიში ასევე დეტალურ ინფორმაციას მოიცავს მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ქვეყნის მასშტაბით მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამომუშავების, ყალბ ინფორმაციასთან გამკლავების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით ახორციელებს. მათ შორისაა თემები: მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში, მედიაწიგნიერების კონკურსები მოსწავლეების, სტუდენტებისა და სკოლებისთვის, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ და სხვა. 

2025 წლის ანგარიში იხილეთ ბმულზე: https://comcom.ge/uploads/other/17/17420.pdf

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები