წვდომის მენიუ

აპრილი 24, 2026 10:10

ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს „Journalists Matter Campaign” კამპანიის ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) მანდატით მიმდინარე „Journalists Matter Campaign” კამპანიის ეროვნული საკონტაქტო პირების მეოთხე შეხვედრასა და კონფერენციაში სახელწოდებით „სიმართლის დაცვა: ჟურნალისტური უსაფრთხოებისა და ხარისხიანი ჟურნალისტიკის ყოვლისმომცველი მიდგომები“ მიიღო მონაწილეობა. 

სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ გადადგმული ნაბიჯების, შემუშავებული ეროვნული სამოქმედო გეგმებისა და სამომავლო ინიციატივების განხილვას დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების, არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესახებ და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისი პრევენციული სამართლებრივი მიდგომები მიმოიხილეს. 

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ასევე მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც მიზნად სახელმწიფო უწყებების, ჟურნალისტების, მედიის მარეგულირებლების, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გაერთიანებას და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ისახავდა, როგორიცაა: ეთიკური და სანდო ჟურნალისტიკისა და მედია აქტორების დაცვა; დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება უსაფრთხო, სანდო და პლურალისტური საინფორმაციო გარემოს შექმნის გზით; ჟურნალისტების დაშინების, დეზინფორმაციით გამოწვეული შევიწროების ან პოლიტიკური ზეწოლის ადრეული პრევენციის ზომები; ინსტიტუციური და საზოგადოებრივი მდგრადობის გაძლიერება და სხვა. 

შეგახსენებთ, რომ CDMSI არის ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ მოქმედი კომიტეტი, რომელიც მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინტერნეტის მმართველობისა და ციფრულ გარემოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. CDMSI-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები