ComCom-ის წევრმა ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO) აღმასრულებელი საბჭოს რიგით 73-ე სხდომასა და თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის (AVMSD) განახლებას მიეძღვნა. საბჭოს სხდომა კი EAO-ს მომავალი აღმასრულებელი დირექტორის არჩევასა და 2026 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებას დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ახალი აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის (AVMSD) სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება; ინფლუენსერების როლი და გავლენა აუდიოვიზუალურ სფეროზე; არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა მედიის სფეროში და ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თანამშრომლობის გაღრმავება ევროკომისიასთან, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, ციფრული მომსახურების ევროპულ საბჭოსა და ახლადშექმნილ მედია მომსახურების ევროპულ საბჭოსთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის წევრი 2016 წლიდანაა, ხოლო თავმჯდომარედ 2024 წელს აირჩიეს, რომლის ფარგლებშიც, ComCom-მა ორგანიზაციის წევრებს საქართველოში უმასპინძლა და შეხვედრა „ბაზრის კონკურენტუნარიანობა - გავლენა ინდუსტრიასა და მცირე ქვეყნების მარეგულირებლებზე“ გამართა.
ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ობსერვატორიის აღმასრულებელ საბჭოში კი საქართველოს წარმომადგენელი ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეა.